ესპანეთთან მოგების შემთხვევაში გუნდი ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს მიიღებს - კალაძე
ესპანეთთან მოგების შემთხვევაში გუნდი ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს მიიღებს - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სპორტსმენების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ადამიანების, ჩვენი სპორტსმენების დაფასება ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ყველაფრისთვის მადლობა პირადად მას [ივანიშვილს], მის ოჯახს, „ქართუ ფონდს“. მართლაც მნიშვნელოვანია აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა, ამაზე არ ვჩერდებით, შემდეგი შეხვედრა ესპანეთთან გვაქვს და ასევე ესპანეთთან მოგების შემთხვევაში გუნდი ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს მიიღებს, რაც ძალიან მაგარი და მისასალმებელია. როგორ შეიძლება ეს ადამიანს არ მოეწონოს და რატომ შეიძლება ადამიანი დაიბოღმოს, მაგრამ ბრიყვები არიან", - აცხადებს კალაძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პორტუგალიასთან მოგებული მატჩისა და ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს პირველი 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა. ამის შესახებ მან 27 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა.
ასევე, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი „ქართუ“ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებას ჰპირდება.
"ჩვენ არ ვთამაშობთ ფულისთვის, ჩვენ ვთამაშობთ ქვეყნისთვის" - ასეთია ლუკა ლოჩოშვილის პაუხი. ოლიგარქ ივანიშვილის მიერ გამოყოფილი 30 მილიონიანი ჯილდოს შესახებ ლოჩოშვილს კითხვა უცხოელმა ჟურნალისტმა დაუსვა. საპასუხოდ, ეროვნული ნაკრების წევრმა განმარტა, რომ არც მას და არც მის თანაგუნდელებს ამ მომენტში არ აინტერესებთ არანაირი ფული, იბრძვიან ევრო პირველობაზე, მიზანი ნაკრების წარმატება და ქვეყნის ღირსეული წარმოჩინება.