ვილი სანიოლის პრესკონფერენცია - თავდაჯერება არ გვაკლია

29.06.24 18:17
ვილი სანიოლის პრესკონფერენცია - თავდაჯერება არ გვაკლია

თავდაჯერება არ გვაკლია - ამის შესახებ ესპანეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კიოლნის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. 

"ძალიან გვიხარია, რომ ისევ აქ ვართ"- ამბობს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

შემოდგომაზე ესპანეთთან წაგებაზე (1:7) ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ჩვენთვის რთული იყო, მაგრამ ზოგჯერ ცხოვრებაში წინსვლისთვის ესეც საჭიროა, რადგან სირთულეების გარეშე წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი აზრით, დღეს აქ რომ ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მტკივნეული მარცხი ჩვენთვის კარგი გაკვეთილი იყო"- აცხადებს სანიოლი. 

მისი თქმით, ესპანეთის გუნდს კარგად იცნობენ.

ჩვენს მეტოქეს მიმდინარე  ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ბურთი არ გაუშვია და ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესოა. უმძიმესი დაპირისპირება გველის, მაგრამ ახლა სხვა ატმოსფეროა და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს"- დასძინა მწვრთნელმა.

ვილი სანიოლმა საქართველოსა და ქართველი ფეხბურთელების ხასიათის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ ქვეყანაში ბედნიერია. 

ამ ფეხბურთელებთან ერთად სამი წელია, ვმუშაობთ და ერთმანეთის კარგად გვესმის. დაცვასა და დისციპლინას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაგრამ როცა ბურთით არიან, ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ. ფეხბურთი არ არის მათემატიკა და არც ჭადრაკი, გრძნობებითა და გამოცდილებით უნდა ითამაშო, ეს ზუსტად საქართველოს ესადაგება კარგად. პირველივე შეხვედრის შემდეგ ზუსტად დავინახე ქართველების ხასიათი. მე მენტალიტეტით უფრო მშვიდი ვარ, ქართველი ფეხბურთელები უფრო ემოციურები არიან, მაგრამ ეს კარგი ბალანსია და ჩვენი მენტალობა ერთმანეთს კარგად ეწყობა"- დასძინა მან. 

"ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირზე თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცა“- თქვა სანიოლმა ჟურნალისტებთან. 

ესპანეთიც პორტუგალიასავით დიდი გუნდია, მაგრამ გვინდა, მათ და ევროპას ვაჩვენოთ, რომ კარგები მხოლოდ დაცვაში თამაშისას არ ვართ და ბურთის კონტროლიც შეგვიძლია. პორტუგალიასთან გვქონდა ეს ნიშნები და ხვალაც იმავეს ვეცდებით. მხოლოდ დაცვაზე ფიქრით არაფერი გამოგვივა. ესპანეთს ყველა პოზიციაზე ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს, გუნდურადაც ძალიან მაგარი გუნდია. თუმცა, ვფიქრობ, ჯგუფურ ეტაპზე კარგი რაღაცები საქართველომაც აჩვენა.

ხვალ ახალი მატჩია და ახალ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ვნახოთ, ეს რას მოგვიტანს. თავდაჯერებულები ვართ, რადგან დასაკარგი აბსოლუტურად არაფერი გვაქვს. ჩვენ ევრო 2024 უკვე მოვიგეთ და ძალიან მიხარია, რომ ამ ტურნირზე თამაშის საშუალება კიდევ ერთხელ მოგვეცა“.