ხატია დეკანოიძის გამოკითხვა დასრულდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, გამოკითხვა დასრულდა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა სამართალდამცავებს ინფორმაცია ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შესახებ მიაწოდა.
დეკანოიძის თქმით, გამოძიება ასევე უნდა დაინტერესდეს, მართავდა თუ არა გიგა ომანაძე ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში.
„აქ არის ორი მიმართულება - ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, ეს მანქანა პირდაპირ ჩვენკენ რომ მოექანებოდა ეს ფაქტია და შეგიძლიათ, იხილოთ ვიდეოში. მეორე ფსიქოტროპული საშუალებების ქვეშ თუ იყო, მანქანის მართვა არის მძიმე დანაშაული. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა ეს ადამიანი სოციალურ ქსელშიც - მუქარით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაცხრილვით გვემუქრება, ავტომატი რომ მქონდეს, დავცხრილავდიო და ა.შ.“, - ამბობს დეკანოიძე.
ამ დროისთვის გამოძიება ადმინისტრაციული მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 24 ივლისის ნუცუბიძის ქუჩაზე მოხდა, როცა ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. დეკანოიძე ამბობს, რომ კაცი მანქანის დაჯახებასაც ცდილობდა. კადრებში ჩანს, რომ მანქანიდან გადმოსული გიგა ომანაძე დეკანოიძის და "ნაციონალური მოძრაობის" მისამართით იგინება. სოციალურ ქსელში ომანაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით სიძულვილის ენას ხშირად იყენებს.