ჩვენმა ფეხბურთელებმა შეძლეს ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმა მთავრობამ, მათ შეგვიყვანეს ევროპაში - ბურჭულაძე
"ჩვენმა ფეხბურთელებმა შეძლეს ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმა მთავრობამ. მათ შეგვიყვანეს ევროპაში" - ამის შესახებ კომენტარი პაატა ბურჭულაძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა და განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების დამსახურებით საქართველო მსოფლიომ გაიცნო.
პაატა ბურჭულაძემ "ქართულ ოცნებას" მოუწოდა, რომ ევროპის დიდ ოჯახში გასაწევრიანებლად ევროპული წესებით ითამაშონ, რადგან მისი თქმით, სხვანაირად ქვეყანა ცივილური სამყაროსგან იზოლირდება.
ამასთანავე, ბურჭულაძეს შეუძლებლად მიაჩნია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრიანება, ამიტომ მოქალაქეებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ უბიძგებს.
ეს ბედნიერი წუთები, ეს დღეები უკვე წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ჩვენ დიდი ხანი დაგვამახსოვრდება, რადგან ჩვენმა ფეხბურთელებმა შეძლეს ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმა მთავრობამ. მათ შეგვიყვანეს ჩვენ ევროპაში. მე ბერლინში ხშირად ვარ ხოლმე და ყველა ბარში, რესტორანში გამოფენილია იმ მონაწილე ქვეყნების დროშები, რომლებიც ევროზე არიან. საქართველოს დროშა არის გამოფენილი და ეს არის ისტორიული რამ. ფაქტობრივად, ჩვენ ვართ ევროპის წევრები ფეხბურთში. კარგი იქნება, რომ მთავრობაც გადმოიღოს ეს და თქვას, რომ როგორც სახელმწიფო შევალთ ევროპაში. რატომ შევიდა ფეხბურთი ევროზე? იმიტომ, რომ მათი წესებით ითამაშეს. ასევე უნდა შევიდეს ჩვენი ქვეყანა იმ წესებით ევროპაში, რა წესებიც არის ევროპაში. არ შეიძლება, რომ ჩვენი წესებით შეგვიყვანონ იქ", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.
გუნდი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, თუმცა მედიის და სპეციალისტების ფავორიტად რჩება. მსოფლიო გრანდებმა უკვე დაიწყეს ფიქრი ქართველი ფეხბურთელების შესაძენად. მამარდაშვილი აღებული ბურთების რაოდენობით ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში მეორე ადგილზეა. მიქაუტაძემ კი ქვეჯგუფი ყველაზე მეტი გატანილი გოლით დაასრულა. ქოჩორაშილით კი უკვე რამდენიმე უმაღლსეი კლასის გუნდი დაინტერესდა.
გავლენიანი მედია წერს, რომ საქართველოს ნაკრების წევრები მალე გაცილებით მაღალი დონის გუნდებში გადავლენ. ევროპაში 66-ე ადგილზე მყოფმა საქართველოს ნაკრებმა ნამდვილის სენსაცია მოახდინა. გუნდი საკუთარი ხელწერით და გამორჩეული ბრძოლისუნარიანობით - მსოფლიო პრესა ქართული გვარებით არის აჭრელებული. ისტორია დაიწერა და ქართული ფეხბურთი ამ ჩემპიონატის შემდეგ სულ სხვა საფეხურზე გადავიდა. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული გუნდი მილოცვებს იღებს.