დაბრუნდება თუ არა პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში? - რას ამბობს მსოფლიო ბანი
აპირებს თუ არა პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში დაბრუნებას - ყოფილი პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში განმარტავს, რომ პოლიტიკურ პროცესებში საკუთარ თავს ვერ ხედავს, რადგან როგორც თავად დასძენს, დღეს ამის საჭიროება არ არსებობს.
მსოფლიო ბანი 2016 წლის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ 8 წლის წინ პოლიტიკაში ერთადერთი მიზეზის გამო, საზოგადოებისთვის "ქართული ოცნების" ანტიევროპული რიტორიკის გაცნობისთვის შემობრუნდა.
პაატა ბურჭულაძე იმასაც ამბობს, რომ შესაძლებლობისთანავე ფონდ "იავნანას" აღადგენს და გაჭირვებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დაეხმარება.
საჭიროება თუ მოითხოვს, მე აუცილებლად შემოვალ, მაგრამ დღეს არ არის ამის საჭიროება. მე შემოვედი 2016 წელს, რადგან ხალხისთვის მეთქვა, რომ ბატონებო დაფიქრდით, გველოდება ძალიან დიდი უბედურება "ქართული ოცნების" სახით და ვეცადე, გამეფრთხილებინა ხალხი. მაშინ ხალხმა ვერ დაიჯერა, მაგრამ გავიდა 8 წელი და სულ უკან მივდივართ. ისინი მდიდრდებიან, გვაშორებენ ევროპას და კარგი არაფერი არ ხდება ქვეყანაში. ახლა ამის საჭიროება არ არის, რადგან ყველამ გაიგო, თუ ვისთან გვაქვს საქმე. ყველამ გაიგო, რომ ეს მთავრობა არის მავნებელი და დამღუპველი საქართველოსთვის. ჩემს შემოსვლას პოლიტიკაში ვერ ვხედავ. მე ჩემი საქმე მაქვს, კარიერა. როგორც კი შესაძლებლობა იქნება, ავაღორძინებ ფონდ "იავნანას", რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ ხალხს, მაგრამ ჩემს პოლიტიკაში შემოსვლას დღეს აზრი არ აქვს", - ამბობს პაატა ბურჭულაძე.