რა გეგმა აქვს "თავისუფლების მოედანს" - მოძრაობის წევრებმა შეკრება გამართეს
პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი" ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აანონსებს - შეკრებაზე მყოფმა მოქალაქეებმა გაერთიანების მიზნებზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ მოძრაობის მთავარი მოტივაცია საქართველოს საგარეო კურსის დასავლეთისკენ შემობრუნება და ევროკავშირში გაწევრიანებაა.
როგორც პოლიტიკურ ველზე გამოსულმა ადამიანებმა აღნიშნეს, ქართულ პოლიტიკას ახალი ენერგია და იდეები სჭირდება, ამიტომ მათი თქმით, ისინი ქვეყნის გადარჩენისთვის ბოლომდე იბრძოლებენ და თავს არ დაზოგავენ.
დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვაარსებთ ახალ მოძრაობას, "თავისუფლების მოედანს" და ვიწყებთ პოლიტიკურ საქმიანობას. ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეობა არის ბრძოლა გამარჯვებისთვის და არა ბრძოლა გამორჩენისთვის. აქ ვართ იმიტომ, რომ ვიცით, ჩვენს ერთობას შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის გადარჩენასა და ამ ქვეყნის განვითარებაში. თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ ვალდებულებას, გავაკეთოთ ის, რაც ჩვენი ვალია. ჩვენ ვხედავთ, რომ საჭიროა ახალი იდეების და ახალი ენერგიის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ პატიოსანი, მცოდნე და პატრიოტი ადამიანების პოლიტიკაში ჩართვით. მხოლოდ ასეა შესაძლებელი გადავარჩინოთ საქართველოს დემოკრატია, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაიმე სხვა მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.
"თავისუფლების მოედანი" - ახალი პოლიტიკური მოძრაობა საქართველოში სულ ცოტა ხნის წინ დაფუძნდა. ადამიანები, ვინც რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში თვეების განმავლობაში იდგნენ და რომლებიც არასდროს პოლიტიკური პროცესების მონაწილეები არ ყოფილან, ფიქრობენ, რომ ცვლილებების დრო დადგა.
ეს იქნება მოძრაობა, რომელიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისთვის ხიდის ფუნქციას შეასრულებს. მანიფესტი მომზადებულია და მასზე ხელმომწერების რაოდენობაც უკვე საკმაოდ ბევრია.