"ქართული ოცნების" სპიკერები, ფაქტობრივად, კლოუნების როლს ასრულებენ - ჯაფარიძე

01.07.24 21:55
"ქართული ოცნების" სპიკერები, ფაქტობრივად, კლოუნების როლს ასრულებენ - ჯაფარიძე

"ქართული ოცნების" სპიკერები, ფაქტობრივად, კლოუნების როლს ასრულებენ" - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ ბოლო განცხადება შეაფასა და თქვა, რომ ენტონი ბლინკენის კომენტარმა ცხადყო, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების ქმედებებს რადიკალური და მწვავე რეაქციები მოყვება.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ოლიგარქის გუნდის წევრების დასანქცირება დასავლური სამყაროსთვის მათ არასასურველ პირებად წარმოჩენას ემსახურება.

"ქართული ოცნების" სპიკერები, ფაქტობრივად, კლოუნების როლს ასრულებენ და მათი ამოცანაა, რომ დღის ბოლოს უთხრან, რომ რა კარგად შეძლეს დავალების შესრულება. ბლინკენის განცხადება ადასტურებს შეერთებული შტატების განზრახვის სერიოზულობას. შტატები არ არის ქვეყანა, რომელიც სიტყვებს ჰაერზე ისვრის. თუ ისინი ამბობენ, რომ სანქციები იქნება, ის აუცილებლად იქნება, რაც არ უნდა თქვას "ოცნების" კლოუნმა. ეს არის დადასტურება იმ განზრახვის, რომელიც აშშ-ს აქვს, რომ ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები "ქართული ოცნების" მხრიდან დაუსჯელი არ დარჩება. ეს იყო გაფრთხილება. "ოცნების" სპიკერები რომ მწკრივდებიან და ამბობენ, რომ მე არ წავალ შტატებშიო, სინამდვილეში ისინი ღელავენ, რადგან ეს არ არის შტატებში წასვლა, არ წასვლის გადაწყვეტილება. როდესაც შტატები გადადგამს ნაბიჯს და ვერ მიიღებს ვიზას, ეს არის ამ ადამიანის არასასურველად გამოცხადება და ეს არის სიგნალი ყველა ქვეყნისთვის, რომ ესა თუ ის პიროვნება დასავლური სამყაროსთვის არასასურველია", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.

"ვფიქრობ, რომ უფრო მეტს ნახავთ," - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს რუსულ კანონზე საუბრისას განუცხადა.

ბლინკენის თქმით, აშშ და სხვა ქვეყნები არა მხოლოდ შეშფოთებულები არიან ამ კანონით, არამედ მათ არაერთი რეაგირება ჰქონდათ და აანონსებს, რომ ეს რეაქციები გაგრძელდება.