კომისიის შეფასებაა, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის ბრალდება არ იყო სწორი

26.07.21 12:29
კომისიის შეფასებაა, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის ბრალდება არ იყო სწორი

პარლამენტის ვიცე სპიკერის, არჩილ თალაკვაძის, თქმით, არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ შეფასება დადო, რომლის მიხედვითაც  ოპოზიციის ბრალდება არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერ დასაბუთდა.

საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მათ შეისწავლეს ყველა პრობლემური უბანი, გამოავლინეს ის საკითხები და ის პრობლემები, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა. კომისიის სიღრმისეული, არგუმენტირებული შეფასება არის ის, რომ არჩევნებთან მიმართებით ოპოზიციის მიერ გაკეთებული ბრალდება, რომ არჩევნები გაყალბდა, არ იყო სწორი და ამის დასაბუთება ვერ იქნა მოძიებული. არჩევნები ჩატარდა კონკურენტულად, ფუნდამენტური უფლებების დაცვით. კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ეს ანგარიში მოითხოვს პოლიტიკურ განხილვას პარლამენტში. იმედი მაქვს, ოპოზიცია ამ განხილვაში მონაწილეობას მიიღებს და ის პრაქტიკული რეკომენდაციები, რაც აქვს კომისიას მიცემული, პროცესის გაუმჯობესებისთვის იქნება გამოყენებული“, - თქვა თალაკვაძემ.

2020 წლის არჩევნების შემსწავლელი  კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კომისიის საქმიანობის შედეგად გამოვლენილია ხარვეზები, თუმცა ამ ხარვეზებს  ვერ ექნებოდა რაიმე არსებითი გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე.