ეროვნული ნაკრები თავისუფლების მოედანზე - ფეხბურთელები გულშემატკივარს მიმართავენ

02.07.24 15:36
ეროვნული ნაკრები თავისუფლების მოედანზე - ფეხბურთელები გულშემატკივარს მიმართავენ

ღონისძიების დაწყებამდე 7 საათზე ნაკლები რჩება - მათ, ვინც დღეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები აეროპორტში ვერ ნახა, საშუალება ექნებათ ისინი თავისუფლების მოედანზე იხილონ.

 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, სცენაზე ყველა ფეხბურთელი იქნება, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.

მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით ვაორგანიზებთ ღონისძიებას, გულშემატკივარს ექნება საშუალება მადლობა გადაუხადოს ფეხბურთელებს. 21:00 საათიდან გულშემატკივარს ველოდებით თავისუფლების მოედანზე, ხოლო 21:30 საათიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან ღია ავტობუსით დაიწყებენ გადაადგილებას ფეხბურთელები ჭავჭავაძის გამზირის გავლით თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე დაიწყება უშუალოდ ღონისძიება. ყველა ფეხბურთელი იქნება სცენაზე, მათ ექნებათ საშუალება, მიმართონ გულშემატკივარს, შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ღონისძიება დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით, რითაც კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მადლიერებას ჩვენი საამაყო ფეხბურთელების მიმართ“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.