მაჭარაშვილის მტკიცებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია წყალს რუსეთის წისქვილზე ასხამს
„ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო”, - ასე აფასებს "ხალხი ძალის" ლიდრი გურამ მაჭარაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლის ერთი ნაწილიც საქართველოს ეხება.
მაჭარაშვილის მტკიცებით, აშშ ამ რეზოლუციის მიღებით რუსეთის საქმეს აკეთებს და მსგავსი დოკუმენტები მათი მხრიდან ყოველთვის დაიგმობა.
„სამწუხაროდ, სწორედ ამ რეზოლუციაში ასეთი ტიპის ცვლილებით გამოჩნდა ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს და ვინ ასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს. ჩვენ ქართულ კანონებს ვიღებთ, ქართულ ინტერესებს ვიცავთ. გვეუბნებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პრაგმატულები ვართ, ამ დროს, სამწუხაროდ, რეზოლუციაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ამერიკის მხარემ ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. აქ ცალკე წერია აფხაზეთი და ცალკე სამაჩაბლო. ასევე, წერია რომ თურმე რუსეთი ყოფილა დაინტერესებული ამ მოლაპარაკებების მოგვარებით და მარტო რუსეთი ვერაფერს გააკეთებს. წარმოიდგინეთ, ამერიკის მხარემ შეიტანა ეს ცვლილება, რომელიც ჩვენ მეგობრობას გვიმტკიცებს და გვეუბნება, რომ დეოკუპაციის პროცესში გვეხმარება და გვსაყვედურობს, რომ რუსეთთან არ გვქონდეს რაიმე პრაგმატული პოლიტიკა და გვქონდეს სამხედრო კონფლიქტი. ეს არის რეალობა, რომელიც საზოგადოებას აუცილებლად უნდა ავუხსნათ.
თან ამერიკის მხარემ ისეთი რეზოლუციის პროექტი შეიტანა, რომელსაც კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამაც” კი არ დაუჭირა მხარი, რომელიც ღიად ებრძვის საკუთარ ქვეყანას. მაგრამ ეს მოღალატეობრივი რეზოლუცია იმდენად ღია იყო, რომ თვითონ “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლებმა არ დაუჭირეს მხარი. ეს არის ზუსტად “ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო”. ამერიკიდან გვეუბნებიან, რომ პარტნიორული ურთიერთობა უნდათ, რისთვისაც ყოველთვის მზად ვართ, და ამ დროს რუსეთის საქმეს აკეთებენ ამ რეზოლუციის მიღებით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც არ ვეთანხმებით.
ასეთი ტიპის რეზოლუციები ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება დაგმობილი, მაგრამ ეს ფაქტი ზუსტად იმას ადასტურებს, რომ ჩვენ ვიყავით და ვართ მართლები, როდესაც იმ უცხოურ ძალაზე ვსაუბრობთ, რომელიც ებრძვის საქართველოს და მის სუვერენიტეტს”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რუსული სტილის კანონი, ფაქტობრივად, ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში, ახშობს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, რეპრესიულს ხდის სამთავრობო აპარატს. ეს ყველაფერი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში წერია, რომლის ერთი ნაწილიც საქართველოს ეხება.