ეუთოს რეზოლუცია საქართველოზე - რას არ დაუჭირა მხარი "ქართულმა ოცნებამ"?
რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში და რატომ არ დაუჭირა მას მხარი "ქართულმა ოცნებამ"?
- დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებს და რუსული კანონის დამიტკიცებას მკაცრად აკრიტიკებს. ასევე მოითხოვს, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, რომელსაც ეუთო ყურადღებით დააკვირდება როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში.
მოუწოდებს ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ერთობლივად იმოქმედონ 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შესაქმნელად. მისიამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პოტენციური კანონდარღვევებსა თუ ანტიდემოკრატიული ტენდენციებს, რაც შეიძლება არჩევნების დღემდე მოხდეს და რამაც შეიძლება ძირი გამოუთხაროს არჩევნების დემოკრატიულობას, - ნათქვამია დოკუემნტში.
"ქართული ოცნების" დელეგაცია, ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი კი ამტკიცებენ, რომ რეზოლუციაზე მხარის არდაჭერის მიზეზი ის სადავო ჩანაწერი გახდა, რომელიც რეზოლუციის დამკტიცებამე დოკუმენტში ჩაიწერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით.
არადა, ცნობილია, რომ აღნიშნულის გამო რეზოლუცია ოპოზიციამაც გააკრიტიკა, რის შემდეგაც ეუთო აღნიშნული ჩანაწერი დოკუემნტიდან ამოიღო. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა ისე დოკუმენტი, რომელიც სრულად საქართველო მხარდამჭერია. ამასტან, ეუთომ მოუწოდა რუსეთს, საქართელოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს.
მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ეს ცვლილება არ არის ჩვენთვის ისეთი მწვავე, როგორიც ის, რომელიც საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ეხება. მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი ამ პროცესის თვითმხილველი, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და მისი ფორმულირება რუსეთის დუმას წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ რუსები აქ არ არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, არის ზუსტად იმგვარი, როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში - რომ, თითქოს, რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე და მე ვციტირებ ტექსტს შესწორებიდან - "თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის შერიგებაა საჭირო". აბზაცში წერია, რომ კონფლიქტში სამი მხარეა - უცნაურად კონსტრუირებული ტერმინი, თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო, აფხაზეთი და ოსეთი. აქამდე მეგონა, რომ ეს ორგანიზაცია აღიარებდა მხოლოდ ერთ საქართველოს - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვფიქრობდი, რომ ბოლო 4 წელია სწორედ ასეთ ორგანიზაციას წარმოვადგენდი. ახლა, როგორც ჩანს, ამ ასამბლეას ჰგონია, რომ არსებობს თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო (აბსოლუტურად მიუღებელი ტერმინი), ერთი მხრივ და აფხაზეთი და ოსეთი, მეორე მხრივ. ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გულსატკენია, - თქვა სიტყვით გამოსვლისას ნიკოლოზ სამხარაძემ.
მაკა ბოჭორიშვილი საკუთარ სიტყვაში კი ამტკიცებდა, რომ დასავლეთი შეცდომაშია შეყვანილი და რეალურად, ქართველი ხალხის და ხელისუფლების ნება იდენტურია.
სამწუხაროდ, ხშირად სწორად არ ხდება იმ რეალობის ობიექტურად და შესაბამისად შეფასება, თუ რა პირობებში უწევს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისთვის ბრძოლა. საქართველოსთვის დიდი ხნის არჩევანი არის ევროკავშირის წევრობა. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ თუ რამდენი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ამ მიზანს საბოლოოდ მივაღწიოთ. სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ მცდელობებს, რომ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ნება ერთმანეთისგან გამიჯნულად წარმოჩინდეს. დიახ, არ არის მარტივი ამოცანა ამ ტურბულენტურ დროში იზრუნო ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე. ამ რთულ ვითარებაში ჩვენ პარტნიორების მხარდაჭერის, მათი სამართლიანი და ობიექტური შეფასებებისა და მოპყრობის იმედი გვაქვს. ძვირფასო კოლეგებო, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას მცდარი აღქმების საფუძველზე. შეხედეთ ციფრებს, ეძიეთ ფაქტები და ბევრად მეტ პასუხს მიიღებთ ფაქტებისგან, ვიდრე არასაჭირო სპეკულაციებისგან, - თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.