მთავარი პროკურორი გახდება ის, ვისზეც ივანიშვილი იტყვის "კი"-ს - სერგო ჩიხლაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე ფიქრობს, რომ გენპროკურორის თანამდებობაზე "ოცნება" იმ კანდიდატს აირჩევს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება სასურველი. ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ პროცესში სხვა ყველა კანდიდატის მონაწილეობა, უბრალოდ, ფორმალობაა.
არავის შანსი არ აქვს გარდა იმ კანდიდატურისა, რომელზეც იტყვის „კის“ ბიძინა ივანიშვილი. დანარჩენი, ზოგს ხარვეზს აღმოუჩენენ, ზოგს ხარვეზიც რომ არ აღმოუჩინონ, რა? თავისი ხმები არ ეყოფათ, რომ დანიშნონ თუ რა? ამიტომ ეს ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებული კანდიდატურა იქნება და სხვა ფორმალურადაც კი არ იქნება განხილული, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
შეცვლის თუ არა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძეს მისი მოდგილე? ქვეყნის მთავარი გამომძიებლის ვინაობა მალე გაირკვევა. საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან გასუბრებას ხვალ ოფიციალურად იწყებს. მსურველი 11 კანდიდატია. ნაწილს დოკუმენტები დაუხარვეზეს და განცხადების თავიდან შეტანა მოუწია. თუკი კანდიდატები დღეს საჭირო დოკუმენტებს ვერ მიიტანენ, მათი კანდიდატურები ავტომატურად ჩაიხსნება.
კანდიდატების ნაწილს აქვთ განცდა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და არჩევანს ხელისუფლება სწორედ გიორგი გაბიტაშვილზე გააკეთებს.