გომელაურის უწყებას თეა წულუკიანის ეშინია - ოპოზიცია
გომელაურის უწყებას წულუკიანის ეშინია - ამ განცხადებას ოპოზიცია აკეთებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კულტურის მინისტრმა გარდა იმისა, რომ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული და ძალადობას სისტემატურად ახალისებს, წულუკიანი საკუთარ მომხრეებს მედიის წინააღმდეგ აგრესიულად განაწყობს და გზას უხსნის მათ, მოიქცენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან.
,,ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, საპარლამენტო უმრავლესობასთან დღეს არსებულ დებატებს იხსენებს, როცა ,,ოცნების" სახეები ამტკიცებდნენ, თითქოს წულუკიანს კანონი არ დაურღვევია.
ბატონი მდინარაძე მეუბნება, რომ არ გმობს წულუკიანის საქციელს და არაფერი სამართალსაწინააღმდეგო მის ქმედებას არა აქვს. როგორ არა აქვს? - სხვისი ქონების დაუფლება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა - აცხადებს დეკანოიძე.
,,ლელო" ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მაღალი თანამდებობის პირებს ვალდებულებებს ახსენებს.
განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ ორმაგი ვალდებულება, რომ ამ ურთულეს ვითარებაში ახალი ძალადობა კი არ წახალისონ, ან თავიანთი ქმედებით კი არ გაამართლონ უკვე ჩადენილი ძალადობა, არამედ დააბრუნონ სიტუაცია კანონის და დემოკრატიის ჩარჩოში - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.