ლილუაშვილი "ოცნებას": ჩამოყალიბდით!
"ოცნება" ჩამოყალიბდეს, გლობალური ომის პარტია, თუ მასონური ლოჟა ვის მხარეს არის" - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ეუთოს რეზოლუციისთვის ხელის არ მოწერას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას ყოველთვის შეუძლია გაურკვეველი მიზეზების მოფიქრება იმისთვის, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებს მხარი არ დაუჭირონ.
თურმე, ამ დოკუმენტში რუსეთის ქმედებები იყო რამენაირად გამართლებული. ბოლო-ბოლო ჩამოყალიბდნენ, გლობალური ომის პარტია, თუ მასონური ლოჟა რუსეთის მხარეს არის, საქართველოს, ევროკავშირის თუ ვის მხარეს არის. ამიტომ, ასეთი მიზეზების მოძებნა და მოძიება ყოველთვის შეუძლიათ მათ, არა მხოლოდ ასეთი ტიპის რეზოლუციებში, არამედ ვენეციის კომისიის, ეუთო ოდირის შეფასებებში სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით და ა.შ.", - ამბობს ლილუაშვილი.
"ქართულ ოცნებას" მოსკოვიდან აქებენ - პუტინის პროპაგანსიტული გამოცემები გადავსებულია სტატიებით, რომლითაც ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ დაუჭირონ მხარი ეუთოს რეზოლუციას, მიესალმებიან.
მოსკოვში განსაკუთრებით ახარებთ, რომ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნას საქართველოს მთავრობის ხელმოწერა არ აქვს. განსაკუთრებით, რუსული პროპაგანდისტული გამოცემებისთვის სასიამოვნო იყო, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიან გეგმას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე მხარი არ დაუჭირეს.
რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს. ივანიშვილის პარტია ახალ საერთაშორისო სკანდალშია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის კენჭისყრამ ისე ჩაიარა, რომ დარბაზში მყოფმა "ოცნების" დეპუტატებმა დოკუმენტს ხმა არ მისცეს. ხელისუფლების უმწვავეს კრიტიკას "ოცნება" საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის იგნორით პასუხობს.
რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში?
- "[დეკლარაცია] სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს კრემლის მიერ მხარდაჭერილი და კოორდინირებული ძალისხმევის გამო, რომელიც საქართველოს მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით. მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და ლეგიტიმურ დემონსტრანტებზე თავდასხმები, რომლებსაც გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებლები აქვთ და ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას შეეცადონ.
- [დეკლარაცია] იმეორებს მოწოდებას, ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.