"ბოსტანში გაზარდეთ და მოიხმარეთ" - გენერალური პროკურორობის კანდიდატის პოზიცია კანაფის მოხმარებაზე

04.07.24 13:51
"ბოსტანში გაზარდეთ და მოიხმარეთ" - გენერალური პროკურორობის კანდიდატის პოზიცია კანაფის მოხმარებაზე

"სისხლის სამართლის წესით, ამ პროდუქტის მომხმარებლის სანქცირება არამიზანშეწონილია და შედეგის მომტანი არ არის" - ასე უპასუხა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ვიქტორ ახალბედაშვილმა „გირჩის“ დეპუტატის იაგო ხვიჩიას კითხვას, რომელიც კანაფსა და მის პროდუქტებთან მიმართებით დავებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საჭიროებას შეეხებოდა.

რაც შეეხება კანაფის მოხმარებას, ახალბედაშვილმა თქვა, რომ "ბოსტანში გაზარდოს და მოიხმაროს"

ბოსტანში გაზარდოს და მოიხმაროს, ამის ბიზნესად ქცევა არ იქნება მთლად მართებული. ვიღაცას უყვარს კაქტუსი, სახლში აქვს ქოთანში, ვიღაცას უყვარს ცერეცო და ამ გზით შეიძლება. შემოქმედებითად მიუდგება და შემოქმედებითაც მოიხმარს და არა იმ მიზნით, რომ საზოგადოებას რაიმე დაუშავდეს. თუ მომეცემა გენერალურ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე მუშაობის შესაძლებლობა, აუცილებლად ძალიან კვალიფიციურად ვიფიქრებ ამ საკითხზე”,- განაცხადა ვიქტორ ახალბედაშვილმა.

დეპუტატ, იაგო ხვიჩიას კითხვაზე, თუ მას, პირობითად, ვახტანგ მეგრელიშვილი „ჯოინთის“ (კანაფის მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და პოპულარული მეთოდი) შესთავაზებს, სამართალდამცავები დაიჭერენ თუ არა, გენერალური პროკურორობის კანდიდატის თქმით, ის მას ამ საქციელისთვის „დასაჭერად ვერ გაიმეტებს”.

„პირდაპირ გეტყვით, დასაჭერად ვერ გაგიმეტებთ, მაგ გადაცემისთვის, ნამდვილად… თუ თქვენი ამ უფლებით მე, თქვენ, თქვენი მეგობარი, ოჯახი, ახალგაზრდა არ ზიანდება, კი ბატონო უნდა იყოთ თქვენც ბედნიერი, ჩვენც, მაგრამ თუ თქვენი ეს გართობა ვიღაცისთვის იქნება დამაზიანებელი, იქნებ თქვენ იფიქროთ, რომ სხვანაირად გაერთოთ, ან ჩუმად”,- განაცხადა ახალბედაშვილმა.

ქვეყანა ახალი პროკურორის მოლოდინში. საპროკურორო საბჭომ კანდიდატების მოსმენა დაიწყო. ირაკლი შოთაძის ყოფილი კაბინეტისთვის ახლა 11 ადამიანი იბრძვის, მათ შორის კი პირველი ვიქტორ ახალბედაშვილი აღმოჩნდა, რომელიც გასაუბრებაზე უკვე ორი საათია იმყოფება.