კობახიძე და ეს ადამიანები მზად არიან, ივანიშვილს ცხოვრების ბოლომდე ემსახურონ - ცისკარიშვილი
"კობახიძე და ეს ადამიანები მზად არიან, რომ ივანიშვილს ცხოვრების ბოლომდე ემსახურონ" - ამის შესახებ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პეტრე ცისკარიშვილი აკეთებს.
ცისკარიშვილი "ოცნების" დეპუტატების მიერ ეუთოს რეზოლუციისთვის ხელის არ მოწერასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ივანიშვილის გუნდისთვის საერთაშორისო დოკუმენტში არსებული პუნქტები გაუგებარია.
დეკლარაციაში, მე ვფიქრობ, საქართველოსთან დაკავშირებული ყველა პუნქტი არის გაურკვეველი და გაუგებარი კობახიძისთვის და ამ გუნდისთვის, რადგან ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ისევე როგორც იმ დემოკრატიულ ფასეულობებს, რაზეც დგას ევროპა, ეუთო, რა სულისკვეთებაც არსებობს დასავლეთში და საითკენაც ჩვენ მოგვიწოდებენ. ეს ადამიანები მზად არიან, რომ ცხოვრების ბოლომდე ემსახურონ ბიძინა ივანიშვილს და იცხოვრონ დიქტატურის ქვეშ", - ამბობს ცისკარიშვილი.
"ქართულ ოცნებას" მოსკოვიდან აქებენ - პუტინის პროპაგანსიტული გამოცემები გადავსებულია სტატიებით, რომლითაც ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ დაუჭირონ მხარი ეუთოს რეზოლუციას, მიესალმებიან.
მოსკოვში განსაკუთრებით ახარებთ, რომ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნას საქართველოს მთავრობის ხელმოწერა არ აქვს. განსაკუთრებით, რუსული პროპაგანდისტული გამოცემებისთვის სასიამოვნო იყო, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიან გეგმას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე მხარი არ დაუჭირეს.
რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს. ივანიშვილის პარტია ახალ საერთაშორისო სკანდალშია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის კენჭისყრამ ისე ჩაიარა, რომ დარბაზში მყოფმა "ოცნების" დეპუტატებმა დოკუმენტს ხმა არ მისცეს. ხელისუფლების უმწვავეს კრიტიკას "ოცნება" საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის იგნორით პასუხობს.
რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში?
- "[დეკლარაცია] სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს კრემლის მიერ მხარდაჭერილი და კოორდინირებული ძალისხმევის გამო, რომელიც საქართველოს მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით. მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და ლეგიტიმურ დემონსტრანტებზე თავდასხმები, რომლებსაც გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებლები აქვთ და ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას შეეცადონ.
- [დეკლარაცია] იმეორებს მოწოდებას, ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.