ხელისუფლება ძირს უთხრის საქართველოში კონსტიტუციურ წესრიგს, სწორედ ეს გაჟღერდა გუშინ საელჩოში - საბა ბუაძე
ხელისუფლება ძირს უთხრის საქართველოში კონსტიტუციურ წესრიგს, ეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა საელჩოში გუშინდელ მიღებაზე - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა.
ბუაძის თქმით, საელჩოში ძალიან ნიშანდობლივი იყო "ოცნების" იმ დეპუტატების არყოფნაც, რომელთა სანქცირების შესახებაც ინფორმაცია უკვე გავრცელდა.
ჩვენ მოვისმინეთ ცალსახა გზავნილები, მათ შორის იმ ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ კურსთან დაკავშირებით, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს და რასაკვირველია, ამის ერთადერთი და მთავარი ადრესატი არის ის ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის საქართველოში კონსტიტუციურ წესრიგს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მისწრაფებას. ეს კიდევ ერთხელ გაჟღერდა საელჩოში გუშინდელ მიღებაზე, სადაც ძალიან ნიშანდობლივი იყო იმ ადამიანების არყოფნა, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიცით, რომ ისინი უკვე მოექცნენ სანქციების სიაში", - ამბობს საბა ბუაძე.
"ქართული ოცნება" ამ დრომდე არ ამბობს, რატომ არ ესწრებოდნენ ხელისუფლების ლიდერები ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. დეპუტატები, რომელთა სანქცირების შესახებაც ინფორმაცია მედიამ მოიპოვა, ამ დრომდე საჯაროდ არ გამოჩენილან. არც პარლამენტის თავმჯომარის ღონისძიებაზე არ ყოფნის შესახებ თქმულა რაიმე. "პირველები" პარლამენტის პრესსამსახურთან დილიდან ცდილობს გაარკვიოს პაპუაშვილის ამერიკის საელჩოში არყოფნის მიზეზი, თუმცა პასუხს ამ დრომდე არ არის.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, არ გამოჩენილა უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე, საელჩოში არ მისულა არც ანრი ოხანაშვილი, რომელიც ყოველ წელს ამ ღონისძიებას ესწრება.
ახლა საინტერესოა, ქართული ოცნების ლიდერები შტატებმა დაასანქცირა, თუ მათ თავად გადაწყვიტეს დემარში? შარშანდლისგან განსხვავებით წელს, სიტყვის გარეშე დარჩა პრემიერი. სტუმრებს მხოლოდ დიპლომატმა მიმართა.
"დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს, ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს და ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს" - ამ სიტყვებით მიმართა გუშინ ამერიკის ელჩმა საელჩოში მისულ სტუმრებს. ამ მიმართვას ისმენდა რუსული კანონის მხარდამჭერი ოცნების ხელისუფლება.