რეზოლუციაზე ხელის არ მოწერით ივანიშვილის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენეს - ბოკუჩავა
"ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ ეუთოს დეკლარაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც მოითხოვს რუსეთის მხრიდან მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გააკეთა.
ბოკუჩავას თქმით, ეუთოს რეზოლუციაზე ხელის არ მოწერით, "ქართულმა ოცნებამ" ივანიშვილის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა.
შეუძლებელია რაიმე გამამართლებელი სიტყვები მოიძებნოს თუნდაც მათი მხრიდანაც კი იმისთვის, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტში, რომელიც არის ბუქარესტის დეკლარაცია, ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლები ემიჯნებიან და მხარს არ უჭერენ დეკლარაციას, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომელიც მოითხოვს რუსეთის მხრიდან მოხდეს საოკუპაციო ძალების გაყვანა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან .ეს არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი და ამას უბრალოდ ახსნა არ აქვს და ვერც ექნება. ასევე ერთი გასათვალისწინებელი ფაქტი არის ის, რომ ამ დეკლარაციაში აისახა ღრმა წუხილები იმ ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რასაც დგამს ივანიშვილის ხელისუფლება, მათ შორის რუსული კანონის მიღების სახით და რეალური მიზეზი გახდა ის, რომ მაკა ბოჭორიშვილმა და ნიკა სამხარაძემ ივანიშვილის პარტიის წევრებმა დათმეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები იმისთვის, რომ დაეცვათ ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლება და პარტიული ინტერესი, დააყენეს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე მაღლა, რაც ღალატის ტოლფასია.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ქართულ ოცნებას" მოსკოვიდან აქებენ - პუტინის პროპაგანსიტული გამოცემები გადავსებულია სტატიებით, რომლითაც ივანიშვილის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, არ დაუჭირონ მხარი ეუთოს რეზოლუციას, მიესალმებიან.
მოსკოვში განსაკუთრებით ახარებთ, რომ საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნას საქართველოს მთავრობის ხელმოწერა არ აქვს. განსაკუთრებით, რუსული პროპაგანდისტული გამოცემებისთვის სასიამოვნო იყო, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიან გეგმას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე მხარი არ დაუჭირეს.
რუსული ჯარების ქვეყნიდან გაყვანას "ქართული ოცნება" მხარს არ უჭერს. ივანიშვილის პარტია ახალ საერთაშორისო სკანდალშია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე რეზოლუციის კენჭისყრამ ისე ჩაიარა, რომ დარბაზში მყოფმა "ოცნების" დეპუტატებმა დოკუმენტს ხმა არ მისცეს. ხელისუფლების უმწვავეს კრიტიკას "ოცნება" საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის იგნორით პასუხობს.
რა წერია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში?
- "[დეკლარაცია] სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს კრემლის მიერ მხარდაჭერილი და კოორდინირებული ძალისხმევის გამო, რომელიც საქართველოს მყიფე დემოკრატიასა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს ძირს უთხრის საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით. მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებსა და ლეგიტიმურ დემონსტრანტებზე თავდასხმები, რომლებსაც გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა მახასიათებლები აქვთ და ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად ქართულ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოებას შეეცადონ.
- [დეკლარაცია] იმეორებს მოწოდებას, ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაცია-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
- გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში - იქ მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის შედეგად. ასევე, ორივე რეგიონში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების ცვლილებასა და წაშლას, რაც რუსეთის ფედერაციის მიმდინარე ოკუპაციისა და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია.