საელჩოს ღონისძიება პლენარული სხდომა არ არის, რომ პარლამენტის 76 წევრის ხმა იყოს საჭირო მის გასახსნელად - ქადაგიშვილი
სანქციების თემა კუდიანებზე დევნასავით გაქვთ გამოცხადებული - ასეთი იყო დღეს "ოცნების" დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ იმყოფებოდნენ "ოცნების" წევრების ნაწილი აშშ-ს საელჩოში საზეიმო ღონისძიებაზე.
ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ის ღონისძებაზე მიწვეული იყო, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. რაც შეეხება მმართველი გუნდის სხვა წევრების არ მისვლას, ქადაგიშვილი ამბობს, რომ "საელჩოში დაგეგმილი ღონისძიება პლენარული სხდომა არ არის, რომ პარლამენტის 76 წევრის ხმა იყოს საჭირო საზეიმო ღონისძიების გასახსნელად".
სანქციების თემა კუდიანებზე დევნასავით გაქვთ გამოცხადებული. მაგალითად, მეც არ ვიყავი მიღებაზე, მაგრამ მიწვეული ვიყავი, თუმცა ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ მივედი. აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველა ადამიანს ინდივიდუალური მიზეზი ჰქონდა. საელჩოში დაგეგმილი ღონისძიება პლენარული სხდომა არ არის, რომ პარლამენტის 76 წევრის ხმა იყოს საჭირო საზეიმო ღონისძიების გასახსნელად. ოპოზიცია, "ნაციონალური მძრაობა" მუდამ იმეორებს ამას, რომ "ქართული ოცნება" ძირს უთხრის დემოკრატიას, მთელს მსოფლიოში ამ პროპაგანდას ეწევიან, მაგრამ 15 კამერა დგას ახლა აქ, როდესაც მათი მმართველობის დროს, როდესაც დემოკრატიის შუქურა კარგად აშუქებდა, ერთი კავკასია სარდაფიდან მაუწყებლობდა. დემოკრატია ყველაზე მეტად აშინებს "ნაციონალურ მოძრაობას"", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, არ გამოჩენილა უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე, საელჩოში არ მისულა არც ანრი ოხანაშვილი, რომელიც ყოველ წელს ამ ღონისძიებას ესწრება და არ ყოფილა არც პარლამენტის თავმჯდომარე. "პირველები" პარლამენტის პრესსამსახურთან დილიდან ცდილობს გაარკვიოს პაპუაშვილის ამერიკის საელჩოში არყოფნის მიზეზი, თუმცა პასუხს ამ დრომდე არ არის.
ახლა საინტერესოა, ქართული ოცნების ლიდერები შტატებმა დაასანქცირა, თუ მათ თავად გადაწყვიტეს დემარში? შარშანდლისგან განსხვავებით წელს, სიტყვის გარეშე დარჩა პრემიერი. სტუმრებს მხოლოდ დიპლომატმა მიმართა.
"დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს, ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს და ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს" - ამ სიტყვებით მიმართა გუშინ ამერიკის ელჩმა საელჩოში მისულ სტუმრებს. ამ მიმართვას ისმენდა რუსული კანონის მხარდამჭერი ოცნების ხელისუფლება.