ამერიკის ელჩის განცხადებაში იგულისხმება ივანიშვილი, რომელიც არის მშიშარა ადამიანი - ხაზარაძე
ვის მიემართებოდა ამერიკის ელჩის განცხადება? - "ლელოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ დანიგანის გზავნილში ბიძინა ივანიშვილი იგულისხმებოდა, რადგან, მისი თქმითს, სწორედ "ოცნების" დამფუძნებელი არის მშიშარა ადამიანი.
ხაზარაძის თქმით, ვინ რატომ არ იმყოფებოდა ამერიკის საელჩოში, თუ ვის შეუჩერეს ვიზა და ვის დაადეს ფინანსური სანქციები "ოცნების" გუნდიდან, ეს ძალიან მალე ღიად გამოჩნდება.
ამაში იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის მშიშარა ადამიანი, რომელიც ემალება საზოგადოებას და რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, შეინარჩუნოს თავის ქონება ჩვენი, ქართველების გაღარიბების ხარჯზე. ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება. ეს არის დადასტურებული, არა მარტო ჩვენი მოქალაქეების, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ჩვენ რუსული ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. ვიღაცას ვიზა გაუჩერეს, ვიღაცას ფინანსური სანქციები დაადეს, ეს ძალიან მალე გამოჩნდება და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში მივიღებთ ლუსტრაციის კანონს, როცა სხვა ქვეყნების აგენტები არ უნდა მართავდნენ ჩვენს ქვეყანას", - აცხადებს ხაზარაძე.
ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, არ გამოჩენილა უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე, საელჩოში არ მისულა არც ანრი ოხანაშვილი, რომელიც ყოველ წელს ამ ღონისძიებას ესწრება და არ ყოფილა არც პარლამენტის თავმჯდომარე. "პირველები" პარლამენტის პრესსამსახურთან დილიდან ცდილობს გაარკვიოს პაპუაშვილის ამერიკის საელჩოში არყოფნის მიზეზი, თუმცა პასუხს ამ დრომდე არ არის.
ახლა საინტერესოა, ქართული ოცნების ლიდერები შტატებმა დაასანქცირა, თუ მათ თავად გადაწყვიტეს დემარში? შარშანდლისგან განსხვავებით წელს, სიტყვის გარეშე დარჩა პრემიერი. სტუმრებს მხოლოდ დიპლომატმა მიმართა.
"დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს, ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს და ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს" - ამ სიტყვებით მიმართა გუშინ ამერიკის ელჩმა საელჩოში მისულ სტუმრებს. ამ მიმართვას ისმენდა რუსული კანონის მხარდამჭერი ოცნების ხელისუფლება.