გრიგორიადისის საქმეზე მოწმეებად მიიყვანეს პოლიციელები, ვისაც აქტივისტი არ დაუკავებია - რა ხდებოდა პროცესზე?

04.07.24 17:18
გრიგორიადისის საქმეზე მოწმეებად მიიყვანეს პოლიციელები, ვისაც აქტივისტი არ დაუკავებია - რა ხდებოდა პროცესზე?

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მოწმეებად მიიყვანეს პოლიციელები, ვისაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი არ დაუკავებია. 

საქალაქო სასამართლოს დარბაზში გომელაურის უწყების თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ მათ მხოლოდ გაიგეს, როგორ აყენებდა ახალგაზრდა მომიტინგე შეურაცხყოფას სპეცრაზმელებს და პოლიციას ხელს უშლიდა მომიტინგეების დაკავებაში.

რატომ არ დევს საქმეში სამხრე კამერის ჩანაწერები? - მოწმე პოლიციელები ამტკიცებენ, რომ კამერები უამინდობის გამო მოიხსნეს.  

პოლიციელი: ხელს უშლიდა პოლიციელებს, როცა ხალხს აკავებდა, პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა და ხელს უშლიდა პოლიციელებს საქმიანობაში. შესაბამისად, თვითონ რომ დაკავდა, იქამდეც და მის მერეც, ლანძღვა-გინებით შემოიფარგლებოდა - ჯერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლანძღვა-გინება, შესაბამისად, პარლამენტის, პოლიციელების მიმართულებით, რუსულ კანონს არ ვემხრობი, რუსეთის მონები ხართო და მოკლედ, დედის გინებებიც და ა.შ.
მოსამართლე: თქვენ როდის ჩაერთეთ პროცესში?
პოლიციელი: რომ დააკავეს, პარლამენტიდან გავიყვანეთ, წავიყვანეთ. მაგ დღეს იყო წვიმიანი ამინდი, შესაბამისად, ჩვენ გვეცვა სამსახურეობრივი ლაბადები, შესაბამისად, სამხრე-კამერების დაკარგვის საშიშროება იყო, შესაბამისად... 

პოლიციელი 2: დაკავების დროს პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონდა.
ადვოკატი: დაკავებამდე თუ გქონდათ პირდაპირი კომუნიკაცია?
პოლიციელი 2: იქ იმყოფებოდნენ სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, სხვადსხვა ჯგუფი, ხელი არ მომიკიდავს მე, როგორც ასეთი და ბორკილები მე არ დამიდია. როგორც მოგახსენეთ, თვალთახედვის არეში იმყოფებოდა.

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა ახლა მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. მოსამართლის გადაწყვეტილება 10 ივლისს გახდება ცნობილი.

როგორც ლაზარე გრიგორიადისი ამბობს, პარლამენტთან იმ პირებს,  ვინც რკინის ჯებირზე აკაკუნებდნენ, კანონი არ დაურღვევიათ. 

იძახის, რომ ჩვენ ვიძახდით, რომ მოშორებულიყვნენ მაგ ტერიტორიას ადამიანებიო, რაც არ ყოფილა. ეგეც რომ ყოფილიყო, იქ ადამიანები გამოხატვის თავისუფლებით შემოიფარგლებოდნენ, აკაკუნებდნენ ჯებირზე და ასეთი რაღაცის გაგება ძალიან რთულია, ან რატომ უნდა გამოვსულიყავით, როცა გამოხატვის თავისუფლებაში ვჯდებოდით, ვინც ვაკაკუნებდით ჯებირზე. არაფერ შუაში არ არიან, უბრალოდ, მოდიან და ოქმს ადგენენ, ყველა საქმე ეგრე არის - ფორმალურად ასე დგება, რომ რაღაცას შეადგენენ ოქმს და მერე მოჰყავთ ეს პოლიციელები, სინამდვილეში კი, უნდა მოდიოდნენ ის პოლიციელები, ვინც საზოგადოებას ცემენ და აზარალებენ და ნიღბებით არიან,“ - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

ადვოკატის თქმით, ვიდეომტკიცებულება, რაც სამართალდამცავებმა წარადგინეს სასამართლოში პირდაპირ ადასტურებს, რომ ლაზარეს კანონი არ დაურღვევია. რაც შეეხება პოლიციელების ჩვენებებს, ადვოკატი ამბობს, რომ მათ მიერ მოყვანილი არგუმენტები არათანმიმდევრულია.

მტკიცებულება, რაც მოიტანეს, ერთადერთი არის ვიდეომტკიცებულება, რომელიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ლაზარე გრიგორიადისს არ ჩაუდენია არანირი სამართალდარღვევის ფაქტი, ამსახველია დაკავების მომენტიდან, რა ხდება. დღეს სასამართლო დაკავების კანონიერებას არ განიხილავდა, როგორც თვითონ აღწერს ხოლმე და არც დაკავების შემდგომ პროცედურებს, უშუალოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი უნდა დადასტურებულიყო, რაზეც რელევანტური არ იყო ეს მტკიცებულება. ამ პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენება იყო არათანმიმდევრული, ფაქტებს აცდენილი, მათ მიერ გადმოცემული ჩვენებით, მათ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ ლაზარე გრიგორიადისთან,“ - ამბობს ადვოკატი.

მსგავსი სიახლეები