ხაბეიშვილი იტყუება - "ოცნება"
ჭკუასთან ახლოს არ არის ის, რასაც ამბობს ხაბეიშვილი - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" ლიდერი, გია ვოლსკი ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის იმ განცხადებას რომლის მიხედვითაც: "სხვა ქვეყნიდან 300-500 კუნთმაგარი პირის ჩამოყვანა იგეგმება, რომლებიც არჩევნებზე თავ-პირს დაამტვრევენ ოპოზიციის მხარდამჭერებს - ჰკითხეთ კალაძეს და კობახიძეს, ნურმაგომედოვთან შეხვედრა ხომ არ უკავშირდებოდა ზონდერების ჩამოყვანას?".
გია ვოლსკის თქმით, ლევან ხაბეიშვილი იტყუება.
"ხაბეიშვილი ტყუილს ამბობს, ცრუობს, მაგრამ ძალიან მოკლე ჭკუით ცრუობს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ მისი ეს ლაპარაკი რეალობას არ უკავშირდება.
განწყობა უნდა შექმნას ასეთი, მაგრამ საკმაოდ უნიჭოდ. არ ვფიქრობ რომ საზოგადოება ამას დაიჯერებს, მათ შორის მისი მომხრეები"- თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა.
რა მიზნით შეხვდნენ ოცნების ლიდერები UFC-ის დაღესტნელ ჩემპიონს? - სკანდალური ამბის სკანდალური გაგრძელება. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ივანიშვილის პარტიას წინა საარჩევნოდ მზადება აქვს დაწყებული და ხმების მისატაცებლად კუნთმაგარი ბიჭების მობილიზება დაიწყეს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაახლოებული 300-500 პირის ჩამოყვანას გეგმავს.
ხაბეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პირები საარჩევნო უბნებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის იქნებიან მობილიზებული.
ლევან ხაბეიშვილის თქმითვე, შესაძლოა სწორედ ეს საკითხი განიხილეს, UFC-ის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან გერმანიაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე შეხვდნენ.