დაღუპული პილოტის სამძიმარზე გორში პრემიერი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდნენ
დაღუპული პილოტის, კახაბერ ზურაბაშვილის პანაშვიდზე პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მივიდნენ და დაღუპულის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადეს.
გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან ხალხმრავლობაა, დაღუპული პილოტის ოჯახს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები უსამძიმრებენ.
პანაშვიდზე ასევე, იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, ტრაგედია 2 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში დატრიალდა. დაუსახლებელ ადგილას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი მოიერიშე თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაღუპულია თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.