ბორელი ორბანის მოსკოვში ვიზიტზე: უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს

05.07.24 13:37
ბორელი ორბანის მოსკოვში ვიზიტზე: უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს

"ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში", – ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ​ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

უნგრეთი ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რომელიც როტაციული პრინციპით 2024 წლის 31 დეკემბრამდე ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. ეს არ გულისხმობს ევროკავშირის გარე წარმომადგენლობას, ეს არის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურების დონეზე, ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მინისტრთა დონეზე“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვიზიტის დროს ევროკავშირს არ წარმოადგენს.

ევროკავშირის პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით აისახება ევროპის საბჭოს არაერთ დასკვნაში. ეს პოზიცია გამორიცხავს ოფიციალურ კონტაქტებს ევროკავშირსა და პრეზიდენტ პუტინს შორის. ამრიგად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკავშირს არავითარი ფორმით არ წარმოადგენს“, - განაცხადა ბორელმა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანი დღეს მოსკოვში ჩავა.

მსგავსი სიახლეები