ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციის დამალვაში TI-მ ამხილა - რას ამბობს "ოცნება" და რას ეჭვობენ ოპოზიციაში
იძებნება დეკლარაციების მონიტორინგის შედეგი - ანტიკორუფციული ბიურო ინფორმაციის დამალვაშია მხილებული. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, რაჟდენ კუპრაშვილის უწყება არ ამბობს, რა შედეგით დასრულდა ან რა გამოვლინდა ასობით საჯარო მოხელის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დოკუმენტების შემოწმების შემდეგ.
დღეს ვხედავთ, რომ გარდა იმისა, რომ ამ უწყების ხელმძღვანელი არ არის შესაბამისი წესით არჩეული, იმიტომ, რომ ის ფაქტობრივად, პრემიერს ექვემდებარება და მისი ინსტრუქციების და გავლენების ქვეშ არის და მას არ აქვს საგამოძიებო უფლება, დღეს ვხედავთ, რომ ის უფლებები მას აქვს, იმასაც არ ასრულებს.
ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ სურვილი გვქონდა, რომ წინ წავსულიყავით კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, გადავდგით უზარმაზარი ნაბიჯები უკან. პრობლემა კი რჩება პრობლემას, ის, რომ ჩვენ გვაქვს ელიტური კორუფცია, ჩვენ გავქვს მაღალ დონეზე კორუფცია, ხელისუფლების წარმომადგენლები მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე, ისინი იპარავენ ხალხის ფულს, შემდეგ ამ ფულს იყენებენ იმისთვის, რომ ეს კონკრეტული პარტია დარჩეს ხელისუფლებაში, ეს არის რასთანაც გვაქვს საქმე,“ - ამბობს ეკა გიგაური.
პრემიერი, "ოცნების" მინისტრეები, მინისტრის მოადგილეები და მათზე დაქვემდებარებული პირებიც - წესით, დოკუმენტში, რომელსაც ანტიკორუფციულო ბიურო არ ასაჯაროებს, ყველას შესახებ უნდა იყოს ინფორმაცია.
კითხვები განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზეც, როცა თუნდაც "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნლისტების მიერ მოპოვებული ფაქტებით, მთავრობის წევრები ხშირად ეხვევიან კორუფციულ სკანდალებში.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეფასებით, ხელს აფარებს ანტიკორუფციული ბიურო მაღალჩინოსნებს.
ეს არის კიდევ ერთი მკაფიო დასტური იმისა, რომ ქვეყანა არის კორუფციაში ჩამხრჩვალი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ანტიკორუფციული ძალისხმევა ამ ქვეყანაში და ის ვითომდა ანტიკორუფციული სამსახური, რომელიც შექმნა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, არის დაკავებული ოპოზიციის დევნით და კვლევით. არავითარი ანტიკორუფციული ძალისხმევა ამ ქვეყანაში არ ტარდება. ჩვენ ვნახეთ, რომ დეკლარაციების შევსება/არშევსების საკითხი არის სრულიად მიგდებული, რაც არის პირდაპირ ხელის დაფარება კორუმპირებულ ჩინოსნებზე, რომლებიც ქართული ოცნების წიაღში გვევლინებიან და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც უნდა იქნეს გამოძიებული, როგორც კი შეიცვლება ხელისუფლება,“ - ამბობს გრიგოლ გეგელია.
სამწუხაროდ, ალბათ, არავის არ გვიკვირს, რომ ანტიკორუფციული ბიურო არ აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, რადგან იმის ნაცვლად, რომ ეს სამსახური დაკავებული იყოს რეალურად იმ სკანდალური კორუფციული ფაქტების გამოძიებით, ის არის ხელის დამფარებელი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც ხალხის გაღარიბების ხარჯზე გამდიდრდნენ უკიდეგანოდ და კვლავ თავის მილიონებს და მილიარდებს დამატებით მილიონებს და მილიარდებს ამატებენ ხალხის ხარჯზე,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
"ქართულ ოცნებაში" კი კვლავ თავს ესხმიან არასამთავრობო ორგანიზაციას. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადება არ უნახავს, თუმცა მაინც აკრიტიკებს არასამთავრობო ორგანიზაციას.
საერთაშორისო გამჭვირვალობა არის ორგანიზაცია, რომელიც არის გამჭვირვალობის წინააღმდეგ. საერთაშორისო გამჭვირვალობა არის ორგანიზაცია, ვინც მიტინგებზე დგას. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" არის ორგანიზაცია, ვინც რევოლუციას ითხოვს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა" არის ორგანიზაცია, ვინც ითხოვს, რომ ომი უნდა დაიწყოს საქართველომ, მე ვამბობ, არ მომისმენია ნაცმოძრაობის, იგივეა, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" განცხადება, მე ვამბობ, რომ რაც გასასაჯაროებელია კანონის მიხედვით, სასწრაფოდ უნდა გასაჯაროვდეს,“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.