26 ოქტომბრის არჩევნები და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება - თინა ბოკუჩავა სტუდენტებს ხვდება

05.07.24 20:34
26 ოქტომბრის არჩევნები და ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება - თინა ბოკუჩავა სტუდენტებს ხვდება

ახალგაზრდული ფორუმი 2024 - ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე სტუდენტებს ხვდება. თინა ბოკუჩავა მათ პარტიის სამოქმედო გეგმას და წინასაარჩევნო კამპანიის დეტალებს აცნობს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნებაა.

ჩემთვის დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან მაქვს საშუალება გესაუბროთ თქვენ, ახალგაზრდებს, რომლებიც ჩვენ საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნაწილი ხართ. ეს უბრალო კომპლიმენტი არაა. ეს რომსრული სიმართლეა, თქვენ სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცეთ და დაუმტკიცეთ მთელ მსოფლიოს!
 
საქართველოში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ახალგაზრდობა სახლებიდან და აუდიტორიებიდან რაიმეს მისაღწევად გამოსულიყოს და უკან დამარცხებული დაბრუნებულიყოს! ეს მართლაც ასეა - ახალგაზრდობას წარმოუდგენელი ძალა და ენერგია გაქვთ. თქვენი გულწრფელობითა და უშიშრობით ნებისმიერი ბარიერის გარღვევა შეგიძლიათ. არ არსებობს წინაღობა, რომელიც თქვენ გაგაჩერებთ!
 
ასე იყო ყოველთვის - მაშინაც, როცა ჯერ კიდევ საბჭოთა იმპერიის დროს ახალგაზრდობა ქუჩებში ქართული ენის გადასარჩენად გამოვიდა. მაშინაც, როცა ახალგაზრდობის შემართებამ და პატრიოტიზმმა ეროვნული მოძრაობის ტალღის შექმნაში მთავარი როლი შეასრულა. მაშინაც, როცა ახალგაზრდობამ აღარ მოითმინა კორუფციისა და განუკითხაობის ბატონობა, არჩევნების გაყალბება და „ვარდების რევოლუციის“ მთავარ ძალად იქცა!
 
ასეა ახლაც: როცა საქართველო მთავარ გზაგასაყარზეა, როცა წყდება ვიქნებით ევროპის, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, თუ ვიქცევით ისევ ჩამორჩენილი, ბნელი რუსეთის უკანა ეზოდ!
 
და სწორედ ამ გადამწყვეტ დროს თქვენმა დაუღალავმა პროტესტმა, თქვენმა წრფელმა ემოციებმა და გააზრებულმა, სამართლიანმაპოზიციამ ქვეყანას ისევ დაუბრუნა იმედი. დღეს თქვენ შეგყურებთ საქართველო - შეგყურებთ იმედის თვალით და რწმენით, რომ თქვენით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა! 
 
მე მიხარია, რომ დარბაზში ვხედავ უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც აქციების დროს მოვლენათა ეპიცენტრში იყავით, იდექითუშიშრად და დაუღალავად. მე მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ! 
 
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იგორ ნარმანიას, რომ თავის მეგობრებთან ერთად ყოველთვის წინა ხაზზე იდგა და ახლაც მზადაა ეს ბრძოლა განაგრძოსდა საბოლოო შედეგამდე მიიყვანოს!
 
მადლობა ყველა ახალგაზრდულ ჯგუფს, მიუხედავად პარტიული სიმპათია-ანტიპათიებისა. ყველაზე კარგად თქვენ გააცნობიერეთ, რომ ეს პარტიული ბრძოლა არაა. და რომ ყველამ ერთად უნდა იბრძოლოთ, ერთმანეთს ხელი უნდა ჩაკიდოთ და ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოთ!
 
ამ თვალსაზრისით უფროსი თაობის პოლიტიკოსებმა თქვენ უნდა მოგბაძოთ.გადავლახოთ უთანხმოებები, წარსულის წყენები, განსხვავებები და ქართველი ხალხის ურყევი ნება აღვასრულოთ.
 
გადაჭარბების გარეშე  - თუ არ ვიმოქმედეთ, ავტორიტარულ მმართველობაზე, ძალადობაზე და კრიმინალთან კავშირზე დამყარებული ერთი კაცის დაჯგუფება ქვეყანას დიდი ხნით უსპობს ევროპულ მომავალს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

მსგავსი სიახლეები