"ოცნებამ" ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში შეიყვანა - "ლელო" შტატების გადაწყვეტილებაზე
"აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების კომპლექსური გადახედვა დაიწყო" - ასე ეხმაურება პარტია "ლელო" ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას.
"ლელო საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციაში მიზანმიმართულად შეიყვანა.
მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი დროით შეჩერება ნიშნავს იმას, რომ აშშ-მ საქართველოსთან ურთიერთობების კომპლექსური გადახედვა დაიწყო, რაც მოსალოდნელი იყო. ენტონი ბლინკენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სანქციების პირველ რაუნდს ურთიერთობების გადახედვა მოჰყვებოდა. ამის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანა მიზანმიმართულად შეიყვანა სრულ საერთაშორისო იზოლაციიაში. შედეგად, დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით, როდესაც სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი ფორმატი „განუსაზღვრელი ვადით“ გაუქმდა.
ამ პროგრამის გაუქმება უდიდეს დარტყმას აყენებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
"ღირსეული პარტნიორი" ატარებდა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ დატვირთვას. ზაფხულის პერიოდში, როდესაც რუსეთიდან მომავალი საფრთხეები ტრადიციულად გაზრდილია ხოლმე, ფაქტიურად ორი თვის განმავლობაში საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე აშშ-ს შეიარაღებული ძალების ყოფნა და მათი მონაწილეობით ჩატარებული წვრთნები აგრესიის შეკავების ინსტრუმენტს წარმოადგენდ. ქართული ოცნების წყალობით, ჩვენ ეს ინსტრუმენტი განუსაზღვრელი დროით დავკარგეთ.
მაშინ როდესაც აშშ-მ საქართველოს ღიად შესთავაზა ურთირთობების გაღრმავება რუსული კანონის ჩაგდების სანაცვლოდ, რაც მოიცავდა უვიზო მიმოსვლას, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას და ახალ შესაძებლობებს ქართველი სტუდენტებისთვის, საქართველოს ხელისუფლებამ ამჯობინა ჩინეთთან ბუნდოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, თეირანში ჰამასის და ჰეზბოლას გვერდით დგომა და რუსული კანონის მიღება. ეს არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ქვეყანა მოექცეს რუსულ ორბიტაზე, სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და შედეგად იყოს სრულიად დაუცველი რუსული საფრთხისაგან.
ამიტომ, 26 ოქტომბერს საქართველომ უნდა აირჩიოს ხელისუფლება, რომელიც იქნება საქართველოს სამსახურში, გააძლიერებს ქართულ ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენს ჯარს და ინსტიტუტებს და გაამყარებს კავშირებს ყველა ძირითად პარტნიორთან, ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.