დაუწესდებათ თუ არა "ოცნების" წარმომადგენლებს ფინანსური სანქციები? - რა გზავნილები მოდის შტატებისგან

06.07.24 11:27
დაუწესდებათ თუ არა "ოცნების" წარმომადგენლებს ფინანსური სანქციები? -  რა გზავნილები მოდის შტატებისგან

დაწესდება თუ არა ეკონომიკური და ფინანსური სანქციები "ქართული ოცნების" ოფიციალური პირების წინააღმდეგ? - ვაშინგტონის ანალიტიკური წრის წარმომადგენლები "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობენ, რომ შტატების მიერ "ღირსეული პროექტის" დროებით გადადება შესაძლოა, რადიკალური ნაბიჯების მხოლოდ დასაწყისი იყოს. 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უკრაინაში, ჯონ ჰერბსტი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის ხელისუფლება ანტიდასავლურ რიტორიკას არ შეიცვლის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ცივი და ნაკლებად მეგობრული გახდეს.

ყველაფერი რასაც ისინი, "ქართული ოცნების" ლიდერები ახლა ამბობენ და აკეთებენ, უნდა შეწყდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ურთიერთობა დარჩება ცივი და ის შეიძლება, გახდეს ნაკლებად მეგობრული, ვიდრე დღეს არის. ვფიქრობ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ქართულ ოცნებას" სურს უკეთესი ურთიერთობა ვაშინგტონთან. აქ გაუგებარი არის ის, არიან თუ არა ისინი მზად მოიქცნენ ისე, რომ ჩვენი ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ისევ და ისევ, ეს ყველაფერი ეხება "ქართული ოცნების" მიერ გადადგმულ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს და შეერთებული შტატებისადმი მტრულად განწყობილ განცხადებებს, რომლებსაც ვისმენთ საქართველოს პარლამენტის მაღალი რანგის წევრებისგან და მთავრობის ზოგიერთი ოფიციალური პირის მხრიდან. ყველაფერი ეს უნდა დასრულდეს", - ამბობს ჯონ ჰერბსტი.

ჰადსონის ინსტიტუტის წარმომადგენელი, ლუკ კოფი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, რომ ამერიკელ კონგრესმენებზე თავდასხმა შეწყვიტოს და რუსული კანონი უკან გაიწვიოს. 

ლუკ კოფი აცხადებს, რომ ანტიდემოკრატიული კანონი სამოქალაქო საზოგადოებას ძირს უთხრის და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს. 

ამერიკა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე ერთი პარტია. თავდასხმები კონგრესმენებზე უნდა შეწყდეს, უნდა დასრულდეს ანტიამერიკული, ანტიდასავლური რიტორიკა. აგენტების კანონის გაუქმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ეს კანონი შექმნილია იმისთვის, რომ ძირი გამოუთხაროს სამოქალაქო საზოგადოებას და საბოლოოდ შეარყიოს პოლიტიკური ოპოზიცია. ამ კანონის მიღებით "ქართული ოცნება" ეწინააღმდეგება სულისკვეთებას, რომელზეც მე მიმაჩნია, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობებია აგებული. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე ჩვენ შევძლებთ ქართველებისთვის ვიზების გაუქმებას და სპეციალურ პროგრამაში ჩასმას, ისე როგორც საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებას. სინამდვილეში, ეს არის ორი საკითხი, რომელსაც მე პირადად მხარს ვუჭერ ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაგრამ ახლა ჩვენ არ ვართ ურთიერთობების იმ ეტაპზე, სადაც ეს შეუძლებელია", - ამბობს ლუკ კოფი. 

მსგავსი სიახლეები