"ოცნების" რიტორიკის გამო, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ხიდაშელი

06.07.24 11:12
"ოცნების" რიტორიკის გამო, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა - ხიდაშელი

ემუქრება თუ არა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი "პირველებთან" განმარტავს, რომ შტატების მიერ სამხედრო წვრთნების გადავადება "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის ბრალია. 

თინა ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ მიღებული გადაწყვეტილებით და ივანიშვილის ხელისუფლების რუსული ნარატივებით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობა საფრთხის წინაშე დადგა.

თავის დროზე, როდესაც სახელი ირჩეოდა, სწორედ "ღირსეული პარტნიორის" სახელი შეირჩა, რადგან საქართველო იყო სანდო და ღირსეული პარტნიორი. ამით ხაზგასმა უნდოდათ, მათ შორის, სპეციფიკურად კარგი ურთიერთობების, რომელიც ქართულ-ამერიკულ სამხედრო თანამშრომლობაში არსებობდა. დღეს "ქართული ოცნების" რიტორიკის, გადაწყვეტილებების, პოზიციონირებიდან გამომდინარე, ეს ურთიერთობა საერთოდ აღარ არის პარტნიორობა. როდესაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჩამოდის და ღიად პრესკონფერენციაზე გეუბნება, რომ იქნებ ჩამოყალიბდეთ, შტატები თქვენი პარტნიორია, თუ მოწინააღმდეგე, ეს ნიშნავს, რომ ეს პარტნიორობა კითხვის ნიშნების ქვეშ დადგა. ირაკლი კობახიძე დილიდან საღამომდე ამბობს, რომ უნდა გადაისინჯოს პარტნიორობა. სასიამოვნოა, რომ თავდაცვის მინისტრი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი დასანანია, მაგრამ სამწუხაროა, რომ ის არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ აქამდე არ მისულიყო ქვეყანა. თუმცა მას გასულ წელს რუსული კანონისთვის აქ ხმა მიცემული, ამიტომ ეს არ უნდა დაგვავიწყდეს", - ამბობს ხიდაშელი.

აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები