"ოცნებამ" შეძლო, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი დაეხურა და სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხის ქვეშ ჩაეგდო - გეგელია

06.07.24 12:14
"ოცნებამ" შეძლო, რომ საქართველოსთვის ევროპის კარი დაეხურა და სტრატეგიული პარტნიორობა საფრთხის ქვეშ ჩაეგდო - გეგელია

ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროსთან პარტია "ლელო საქართველოსთვის" ბრიფინგი მიმდინარეობს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შტატების მიერ სამხედრო წვრთნების გადადებასთან დაკავშირებით მწვავე შეშფოთებას გამოხატავენ და აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის ბრალია. 

"ლელოს" წევრი, გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოს ევროპისა და დასავლეთის კარი დაუხურა.

გეგელია ბრიფინგზე "ღირსეული პარტნიორობის" პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს და დასძენს, რომ ქვეყანამ რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის ინსტრუმენტი დაკარგა. 

"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო, რომ დახურულიყო ევროპის კარი საქართველოსთვის და შეძლო, რომ გაუქმებულიყო სამხედრო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც გააჩნია არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო მნიშვნელობა. სწორედ ზაფხულის თვეებში, როდესაც რუსეთისგან საფრთხეები არის გაზრდილი, აშშ-ის ასობით სამხედრო სხვა პარტნიორთან ერთად იმყოფებოდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რაც წარმოადგენდა რუსეთისგან მომავალი აგრესიისგან თავის დაცვის ერთით მეტ ინსტრუმენტს და ეს ინსტრუმენტი "ქართული ოცნების" რუსული ხელისუფლების დამსახურებით აღარ გვექნება განუსაზღვრელი ვადით. ახალი შანსები გამოყენების ნაცვლად "ქართულმა ოცნებამ" ამჯობინა რუსული კანონი, ამჯობინა თეირანში სიარული და ამჯობინა ჩინეთთან ბუნდოვანი სტრატეგიული შეთანხმების დადება, რაც არის კიდევ ერთი დასტური, რომ "ოცნება" არის მოღალატე ხელისუფლება", - ამბობს გეგელია.

აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები