მოვითხოვ, მოიწვიონ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რათა არ დასამარდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა- გალდავა

06.07.24 12:24
მოვითხოვ, მოიწვიონ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რათა არ დასამარდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა- გალდავა

პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, ლანა გალდავა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს - ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ შტატების მიერ სამხედრო წვრთნების გადადებამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქვეყანას.

"ლელოს" წარმომადგენელი მთავრობის სხდომის გამართავსაც ითხოვს აცხადებს, რომ ახლა პოლიტიკურმა სპექტრმა ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა არ დასამარდეს. 

სწრაფად არის გადასაწყვეტი შემდეგი საკითხები. ჩვენ ვიცით, რომ თავდაცვის მინისტრი ამავდროულად არის საქართველოს მთავრობის წევრი. მოსაწვევი არის მთავრობის სხდომა. ამავდროულად თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური არიან საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები. საჭიროა, რომ მათი მოთხოვნით მოწვეულ იქნას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა. ამავდროულად, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად არსებობს ოთხი ჯგუფი. პირველი ჯგუფი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით უნდა შეიკრიბოს. ვიცით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს ჯგუფი არ შეკრებილა. საჭიროა, რომ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა არ დასამარდეს", - ამბობს გალდავა.

აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები