"ისწავლეთ მტრების და მეგობრების გარჩევა" - პრეზიდენტი უვადოდ შეჩერებულ წვრთნებზე
ისწავლეთ მტრების და მეგობრების გარჩევა - პრეზიდენტის პირველი კომენტარი მედიასთან უვადოდ შეჩერებული წვრთნების შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ ეს შეიძლება ისეთივე დამაზიანებელი იყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული გზისთვის, როგორც რუსული კანონი.
ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები - ამბობს პრეზიდენტი
ზურაბიშვილი ამბობს, რომ მშვიდობა ვერ იქნება, თუ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა საქართველო და ვერც იმ შემთხვევაში თუ პარტნიორების გარეშე დავრჩებით.
ეს არის ძალიან დამაზიანებელი ამ ქვეყნისთვის, შეიძლება იყოს იმავე დონის დაზიანება, როგორც არის რუსული კანონი ჩვენი ევროპული გზისთვის. ეს არის ასეთივე დაზიანება ჩვენი ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობისთვის, რომელიც ჩვენი თავდაცვისთვის და ყველაფრისთვის, რაც აქამდე შენდებოდა ჩვენ ჯართან ამ დახმარებით და იმითი, ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. და ეს მხოლოდ იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ გაიგო, თუ სად არიან მისი მეგობრები, სად არიან მისი მტრები და რა უნდა გაკეთდეს და სად არის მშვიდობა ამ ქვეყნის. მშვიდობა ამ ქვეყნის ვერ იქნება ვერც იზოლაციაში და ვერც ჩვენი პატნიორების გარეშე როცა დავრჩებით და არ გვექნება არც ერთი რესურსი, რომ ჩვენი ჯარი გავაძლიეროთ იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს დაცული. იმისთვის კი არა, რომ რაღაცა მოგონილი ფრონტები... დავიწყოთ დაცვა არის მზადებაში და ეს მზადება დღეს არის საფრთხის ქვეშ, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.