არსებობს მესამე და თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია... - ბურჭულაძე ბოლნისში მომხდარ ავიაკატასტროფაზე
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის გამომწვევ ვერსიებზე საუბრობს. ბურჭულაძე ამბობს, რომ გარდა ორი თეორიული ვერსიისა, არსებობს მესამე და თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომელიც არის ის, რომ ასეთ "სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში"
„მინდა მივუსამძიმრო ჩვენ თავდაცვის ძალებს ჩვენი დაღუპული გმირის, ვიცე-პოლკოვნიკის ზურაბაშვილის ოჯახის წევრებს და განსაკუთრებით, ავიაციის სარდლობას. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ერთი გმირი. მე მინდა, ვთხოვო საზოგადოებასა, რომ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ორ თეორიულ ვერსიაზე ერთი, არის, რომ შესაძლოა ტექნიკურად გაუმართავი ყოფილიყო საფრენი აპარატი და მორე ის, რომ შეიძლება შეცდომა დაეშვა ჩვენ პილოტს. ამ ორი ვერსიის გარდა, რა თქმა უნდა, არსებობს მესამე და თეორიულად ყველაზე დიდი შანსის მატარებელი ვერსია, რომელიც არის ის, რომ ასეთ სწავლებებზე შეიძლება მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა, შეიძლება ადამიანი ყოველთვის ვერ იყოს ისეთ ფიზიკურ ფორმაში. ვიმეორებ, ჩვენ კიდევ ერთხელ გვაქვს მაგალითი, რომ დავაფასოთ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები არა მარტო იმიტომ,რომ საბრძოლო მოქმედებებში მიიღებენ ან იღებენ მონაწილეობას, არამედ იმიტომაც, რომ მათი ყოველი დღე არის რისკის მატარებელი, ისინი თავანთ სიცოცხლეს ყოველდღიურად გაიღებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, ბოლნისში სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 2 ივნისს, დაახლოებით, 13:00 საათზე ჩამოვარდა.
კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.
შემთხვევის ადგილზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ, დანიშნულია საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, დაგეგმილია ქიმიური, ბალისტიკური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზები.