"გაუგებარი გადაწყვეტილებაა" - თავდაცვის მინისტრის პირველი კომენტარი უვადოდ შეჩერებულ წვრთნებზე
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უვადოდ შეჩერებული სამხედრო წვრთნების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი პირველ განცხადებას აკეთებს - ირაკლი ჩიქოვანი დასავლეთის გადაწყვეტილებას "გაუგებარს" უწოდებს.
ჩიქოვანი ჟურნალისტებთან საუბრის დროს ირწმუნება, რომ საქართველოსა და შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის გარკვეული სახის თანამშრომლობა არსებობს, რაც მისი მტკიცებით, აუცილებლად გაგრძელდება.
ჩვენთვის გაუგებარია გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი ვადით გადადებას. მეორეს მხრივ, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა თანამშრომლობის ფორმატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს შორის, სადაც ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, ვთანამშრომლობთ და ეს თანამშრომლობა გრძელდება. საერთაშორისო სწავლებები, რომლებში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ქვედანაყოფები, არის სასარგებლო ღონისძიება როგორც ქართული თავდაცვის ძალებისთვის, ასევე ამერიკის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე ყველა იმ სახელმწიფოს წარმომადგენლისთვის, რომელიც წვრთნებში მონაწილეობს. აქედან გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ და ვემზადებით წვრთნებისთვის, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს 2024 წელს", - თქვა ჩიქოვანმა.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.