როდესაც სტრატეგიულ მეგობარს პოლიტიკურ ცეცხლს გაუხსნი, ცხადია, ამას შედეგები ექნება - ლილუაშვილი

06.07.24 15:12
როდესაც სტრატეგიულ მეგობარს პოლიტიკურ ცეცხლს გაუხსნი, ცხადია, ამას შედეგები ექნება - ლილუაშვილი

"სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ბორგავს" - ასე ეხმაურება პარტია "საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამხედრო წვრთნის გადადებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ დასავლეთს "პოლიტიკური ცეცხლი გაუხსნა", ამიტომ მისი თქმით, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნის რუსული წესებით მართვას არ შეწყვეტს, სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა არ დალაგდება. 

სამწუხაროდ, "ქართული ოცნება" ახლა ბორგავს. მე არ ვიცი, რატომ არ ჰქონდათ მოლოდინი და რატომ არ აქვთ მოლოდინი იმისა რომ როდესაც სტრატეგიულ მეგობარს პოლიტიკურ ცეცხლს გაუხსნი, შექმნი სპეციალურ განაყოფს პარლამენტში "ხალხის ძალის" სახით, რომლის ერთადერთი მიზანი არის გლობალური ომის პარტიად ამერიკის გამოცხადება და მასონური ლოჟის ინტერესების ლობირება საქართველოს წინააღმდეგ. როდესაც ხელისუფლება აშორებს ქვეყანას სტრატეგიულ პარტნიორებს მისი ხალხის საერთო ინტერესებისგან და მიერეკება იზოლაციისკენ, ცხადია, ამას ექნება შედეგები და სამწუხაროდ, მათ შორის, ასეთი შედეგებიც კი", - ამბობს ლილუაშვილი.

აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო  - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები