ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმი შტატებს მტრად მიიჩნევს, ამიტომ მათი გადაწყვეტილება ადეკვატურია - ნათელაშვილი
"ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს მტრად" - ამის შესახებ განცხადება "ლეიბორისტული" პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა "პირველებთან" გააკეთა.
პირველი ლეიბორისტი მიიჩნევს, რომ შტატების მიერ "ღირსეული პარტნიორობის" პროექტის უვადოდ გადადება დასავლეთის მხრიდან ადეკვატური ნაბიჯია.
ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმი ამერიკის შეერთებულ შტატებს მიიჩნევს მტრად. ამას არ მალავენ და აცხადებენ ხმამაღლა მიტინგზეც და კერძო გამოსვლებშიც. რა თქმა უნდა, ვაშინგტონის პოზიცია არის ადეკვატური, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის შეზღუდვაზე და სანამ არ გავაცილებთ ოლიგარქიულ რეჟიმს პოლიტიკური ასპარეზიდან, ეს იქნება შეჩერებული და აქ რაიმე ილუზიები არ უნდა გვაწუხებდეს", - ამბობს ნათელაშვილი.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.