გაერთიანება, როგორც წარმატების ფორმულა- ვინ არის საარჩევნოდ ოპოზიციის ერთიანობის მომხრე და მოწინააღმდეგე

27.07.21 13:56
გაერთიანება, როგორც წარმატების ფორმულა- ვინ არის საარჩევნოდ ოპოზიციის ერთიანობის მომხრე და მოწინააღმდეგე

გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატის გარშემო? თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციური პარტიების ნაწილი მხარს ნიკა მელიას დაუჭერს, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კი- ელენე ხოშტარიას. თუმცა ექნებათ თუ არა კანდიდატებს სრული ოპოზიციის მხადაჭერა, ისევ უცნობია.

პარტიების ლიდერები  საერთო პოზიციებზე ისევ ვერ შეჯერდნენ. უცნობია ,,ლელოს" პოზიცია. ,,სტრატეგია აღმაშენებლი" კი პირდაპირ ამბობს, რომ საერთო კანდიდატს მათი მხადაჭერა არ ექნება.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა", ,,ლეიბორისტული პარტია", ,,დროა", ,,გირჩი მეტი თავისუფლებისთვის", ,,ერთიანი საქართველო", ,,ევროპული საქართველო", ერთიან კანდიდატს უჭერენ მხარს.

ოპოზიციის ნაწილი  კი აცხადებს, რომ კონსულტაციების რეჟიმშია და საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით გაახმოვანებს. საუბარია შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მომწერ პარტიებზე. ამ ეტაპზე მიდის მსჯელობა  მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით. არჩევნებამდე 2 თვით ადრე მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებს ვერ გადაუწყვეტიათ, რა ფორმით უნდა მოხდეს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. 

 ,,რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი აცხადებს, რომმ პარტიის პოზიცია მალე გახდება ცნობილი. ერთადერთი, რაც გარკვეული აქვთ ამ ეტაპზე, არის ის, რომ არჩევნებზე ოპოზიციურ კანდიდატთა მრავალფეროვნების მომხრეები არიან.

 მსჯელობის პროცესში ვარ. პირადად მე მიმაჩნია, რომ არჩევნები უნდა იყოს მრავალფეროვანი. თუმცა მელიას ირგვლივ გაერთიანებაში მრავალფეროვნება იქნება, რადგან ადამიანებს აქვთ განსხვავებული სიები და არ იქნება ერთიანი სია. რამდენიმე დღეში ზუსტად იქნება ცნობილი ჩვენი პოზიცია. უნდა ვიმსჯელოთ, გვჭირდება თუ არა კიდევ ერთი კანდიდატი იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს კიდევ ერთი არჩევანი. ვფიქრობ, რომ მელია იქნებოდა კანდიდატი მისი რეიტინგიდან და მხარდაჭერიდან გამომდინარე. - აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.
 

,,ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, მიიჩნევს, რომ საზოგადოების დაკვეთა არ არის ხელოვნურად გაერთიანებული ოპოზიცია.

საზოგადოებას სჭირდება ოპოზიციურ სპექტრში ფართო არჩევანი. საზოგადოებას არ სჭირდება გაერთიანებული ყველა რაღაც ხელოვნურ ერთობაში. სჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელიც შესთავაზებს ფართო სპექტრს. ისე ვიმოქმედებთ, რომ ოპოზიციურმა ძალებმა ერთმანეთი შეავსონ, კი არ შექმნან რაღაც ხელოვნური ერთეული. - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

,,ნაცმოძრაობის' ერთ-ერთი სახე, ხატია დეკანოიძე, ოპოზიციის კოორდინაციის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, მთავარი ამოცანა არის ,,ოცნების" 43%-იანი ნიშნულის ქვემოთ დატოვება.

ვიცით რამდენიმე პარტია, მათ შორის, საპარლამენტო, რომელიც არ აპირებს არც შეთანხმებაში შემოსვლას, არც მერობის კანდიდატის დაყენებას, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ ჩვენ ძალიან მალე მოვისმენთ კოორდინაციის მნიშვნელოვან დეტალებს. 

ჩვენი მთავარი ამოცანაა ,,ოცნების" 43%-იანი ნიშნულის ქვემოთ დატოვება. რა თქმა უნდა, შეთანხმებული ერთობა ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარება. ძალაინ მკვეთრი ხაზი უნდა გავავლოთ ,,ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციას შორის.- თქვა ხატია დეკანოიძემ.  

უკვე ცნობილია, რომ ალეკო ელისაშვილის პარტია ,,მოქალაქეებს" თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ და მხოლოდ პროპორციული სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. ელისშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალში შესაძლოა, გამოიკვეთოს ისეთი ოპოზიციური კანდიდატი, რომელიც მის სიმპათიას დაიმსახურებს, თუმცა ასეთი ამ ეტაპზე არ არის.

ჩვენს პარტიას არ ეყოლება მერობის კანდიდატები, მხოლოდ პროცორციული სიით მივიღებთ მონაწილეობას. ჯერჯერობით თბილისის მერობის არც ერთი კანდიდატს მხარს არ დავუჭერთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში არც კალაძეს, ასევე არც მელიას, არც ხოშტარიას. - აღნიშნა ელისაშვილმა.

ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.