"უკიდურესად გადატვირთული პალატები, ამორტიზებული სველი წერტილები" - ომბუდსმენი ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრზე
"უკიდურესად გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი (2-3 სველი წერტილი 60-მდე პირზე)," - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი წერს და ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებულ მდგომარეობას ეხმაურება.
სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში "განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში არსებული თერაპიული, ინფრასტრუქტურული და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, არ შეესაბამება ეროვნულ თუ საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებს და შეუძლებელს ხდის პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში".
ომბუდსმენის ინფორმაციით, მწვავედ გამოიკვეთა პაციენტთა უსაფრთხოების პრობლემა - განცხადებიდან ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ ერთი პაციენტი ფანჯრიდან გადახტა, შემთხვევას ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია.
უკიდურესად გადატვირთული პალატები არ იძლევა პირადი სივრცის დაცვის შესაძლებლობას, პალატები სარემონტოა, სველი წერტილები ამორტიზებული, გაუმართავი და არასაკმარისი (2-3 სველი წერტილი 60-მდე პირზე). პაციენტებს არ მიეწოდებათ მათთვის საჭირო ყველა ჰიგიენური საშუალება. სასადილო სივრცე მცირეა, რაც პაციენტებს ერთად კვების შესაძლებლობას არ აძლევს.
დაწესებულებაში გამოყოფილია სივრცე ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისთვის, რომელიც უზრუნველყოფილია კომპიუტერული ტექნიკით და შესაბამისი რესურსებით სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობისთვის, თუმცა სივრცეც და რესურსებიც არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო აქტივობებში შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პაციენტის ჩართვას.
მწვავედ გამოიკვეთა პაციენტთა უსაფრთხოების პრობლემა (რამდენიმე დღის წინ ერთი პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. საბედნიეროდ, შემთხვევას ლეტალური შედეგი არ მოჰყოლია). ასევე, ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობა, რაც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს.
სახალხო დამცველი მოუწოდებს პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, გააძლიერონ ღონისძიებები ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში წლების განმავლობაში მოუგვარებელი სისტემური პრობლემების აღმოფხვრისა და ადამიანის უფლებების დაცვის სათანადო სტანდარტის უზრუნველყოფისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.