ახალი ხალხით დაკომპლექტებული საარჩევნო სია, პარტიების გაერთიანება ან ერთობა საზოგადოებრივ წრეებთან - რა პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს სააკაშვილი

08.07.24 12:43
ახალი ხალხით დაკომპლექტებული საარჩევნო სია, პარტიების გაერთიანება ან ერთობა საზოგადოებრივ წრეებთან - რა პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მოახლოებულ არჩევნებზე, ენმ-ის გეგმებსა და საყოველთაო მობილიზებაზე სასამართლო სხდომაზე ჩართვის დროს ისაუბრა.

"დღეს ვინც არის ხელისუფლებაში, ეს ოლიგარქი, ის არის მთლიანად წარსულზე ორიენტირებული. ჩვენ ვართ მთლიანად მომავალზე ორიენტირებული", - ამბობს სააკაშვილი და ხელისუფლების ცვლილების გარდაუვალობაზე საუბრობს. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში მალე საზოგადოება უფრო მეტ ახალ სახეებს იხილავს და აცხადებს, რომ საარჩევნო სია ძირითადად, ახალი ხალხით დაკომპლექტდება. 

ჩვენი ძალა არის განახლებული, გვემატება ძალიან ბევრი ახალი ხალხი, ნახეთ, რამდენი საინტერესო ახალი სახეა, რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან საინტერესო ახალი თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავა, რომელიც განათლება, კულტურის დონით, პრაქტიკულად ტოლს არ უდებს არავის და მართლაც საერთაშორისო მასშტაბის ვარსკვლავია.
ამიტომ ჩემი ქალიშვილი ალისას თქმით, მე ტყვედ ვყავარ ჩავარდნილი ცუდ კაცებს და ისინი არ მიშვებენ და რაც მთავარია საქართველო ჰყავს ცუდ კაცებს და ისინი მას არ უშვებენ და ჰყავთ აყვანილი საქართველოს მომავალი. 

მე დარწმუნებული ვარ, როგორც არასდროს, ამ ცვლილებებით, ახალი ხალხით და ჩვენი საარჩევნო სია უნდა იყოს აბსოლუტური უმრავლესობა ახალი ხალხით დაკომპლექტებული, არავის არ მინდა ვაწყენინო, ძველი გვარდიაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვარდების რევოლუციის იდეალები გადამწყვეტია, მაგრამ სწორედ ამ ვარდების რევოლუციის იდეალებზე აღმოცენდა ახალი ხალხი, ახალი შემადგენლობა და ამ ხალხმა უნდა აიღოს ხელში ეს ყველაფერი.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდებს და საფრანგეთის მაგალითზე საუბრობს, როდესაც კოალიციურმა ერთობამ ულტრა მემარჯვენეების პარტია დაამარცხა.

სააკაშვილის თქმით, თუ პოლიტიკური პარტიების ერთობა ვერ ხერხდება, მაშინ ენმ-მ უნდა შეძლოს საზოგადოებრივ ჯგუფებთან და ინდივიდებთან ერთობა. 

მესამე პრეზიდენტი "ნაციონალურ მობილიზაციის" საჭიროებაზე საუბრობს. 

ჩვენი ამოცანა არის, ვკონცენტრირდეთ მომავალზე, ქვეყანა ყველაფერზე წინ, საქართველო უპირველეს ყოვლისა და პარტიები, თანამდებობები ამის შემდეგ. ჩვენ არა თუ პარტიების ერთობისკენ უნდა მივისწრაფოდეთ, ნახეთ, საფრანგეთში რა მოხდა, გაერთიანდა ყველაზე მტრული პარტიები ერთმანეთში და დაამარცხეს პრორუსული ლე პენი. 

ჩვენ რა მტრობა გვაქვს ერთმანეთში? - თუ პარტიები ვერ ახერხებენ გაერთიანებას, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ სხვადასხვა საზოგადოებრივ წრეებთან, სხვადასხვა ხალხთან, სხვადასხვა ვარსკვლავებთან ჩვენი საზოგადოების, რომლებიც აქამდე არ ყოფილან პოლიტიკაში, მაგრამ რომლებსაც შეუძლია ხელის გადაბრუნება.
ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და ჩვენი ბრძოლა არის განწირული გამარჯვებისთვის, ჩვენ დაბადებულები ვართ გამარჯვებისთვის, მე პირადად, დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის...

ჩვენ ახლა გვჭირდება ნამდვილი ნაციონალური მობილიზაცია, გვჭირდება თითოეულ ადამიანთან მისვლა, ჩათვალეთ, რომ მე თქვენთან ერთად მივდივარ ამ ადამიანებთან,“ - ამბობს სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები