"მოვიტანეთ პერანგი, დისკი... რობოკოპებმა მცემეს, გონება დავკარგე" - ანტირუსულ აქციაზე ნაცემი კობა ავსაჯანიშვილი კაციტაძის უწყებაშია

08.07.24 15:19
"მოვიტანეთ პერანგი, დისკი... რობოკოპებმა მცემეს, გონება დავკარგე" - ანტირუსულ აქციაზე ნაცემი კობა ავსაჯანიშვილი კაციტაძის უწყებაშია

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამ წუთებში რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა იმყოფება. ანტირუსულ აქციაზე ნაცემი კობა ავსაჯანიშვილი კაციტაძის უწყებაში მტკიცებულებებით მივიდა - ვიდეომასალით, სადაც ჩანს როგორ უსწორდება სპეცდანიშნულების რაზმი აქციის მშვიდობიან მონაწილეს.

ხარებას დანაყოფის წევრმა რუსული კანონის მოწინააღმდეგე უმოწყალოდ სცემა, რის შემდეგაც გონება დაკარგა.

მოვიტანეთ პერანგი, დისკი, რომელზეც არის ასახული უდანაშაულოდ როგორ დამიჭირეს. პარლამენტის უკან ვიყავით, იდგნენ რობოკოპები, ბიჭს სცემდნენ და რომ მივედი, ვერ ვიფიქრე, რომ მე დამაკავებდნენ, გასაშველებლად მივედი - რას შვრებით მეთქი და უცებ რობოკოპები გაიქცნენ, გამოვარდნენ, შემაგდეს შიგნით, მცემეს, გონება დავკარგე და გავიღვიძე უკვე პოლიციის მანქანაში,“ - ამბობს კობა ავსაჯანიშვილი.

ავსაჯანაშვილი და მისი უფლებადამცველი უკვე ორი თვეა, მოძალადეების დასჯას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.

როდესაც ბატონ კობაზე იძალადა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა იმის მერე გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ დღემდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არავითარი რაიმე კვალიფიციური გამოძიება არ ჩაუტარებია და არ დაუდგენია არავითარი სპეცრაზმელი, რომელიც იძალადა. დღეს დაგვიბარეს და გვთხოვეს, რომ წარმოგვედგინა ნივთმტკიცება, რომელიც ბატონ კობას ჰქონდა. ვითხოვთ, რომ დაზარალებულად ცნონ, რადგან ჩვენ გვქონდეს მტკიცებულებებზე წვდომა და გაცნობის საშუალება და ამის შემდეგ ერთხელ მაინც, ერთი პოლიციელი მაინც დასაჯონ, რომ საზოგადოება მიხვდეს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მუშაობს,“ - ამბობს ლაშა ტყეშელაძე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს "პირველებმა" ჰკითხეს, რა ეტაპზეა აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიება, კოკა კაციტაძემ აღნიშნა, რომ პროცესი გრძელდება.  

მსგავსი სიახლეები