ხვიჩიამ გაბიტაშვილს გენპროკურორად დანიშვნა წინასწარ მიულოცა - რა თქვა იონათამიშვილმა?
საპროკურორო საბჭოს სხდომაზე, სადაც პროკურორობის კანდიდატებს უსმენენ, იაგო ხვიჩიამ ერთ-ერთ კანდიდატს გიორგი გაბიტაშვილს გენპროკურორად დანიშვნა წინასწარ მიულოცა. ამით ოპოზიციის წევრმა ხაზი გაუსვა, რომ პროკურორის შესარჩევი პროცესი ფორმალურია.
იაგო ხვიჩიას ეს ქმედება, როგორც ჩანს, "ოცნების" დეპუტატ რატი იონათამიშვილს არ ესიამოვნა. სახელისუფლებო გუნდის წევრი სხდომაზე ამტკიცებდა, რომ პროცესი ობიექტური და გამჭვირვალეა. მისივე თქმით, თუკი აღმოჩნდება ისე, რომ გაბიტაშვილს სხვა კანდიდატებთან შედარებით უფრო მდიდარი ბიოგრაფია და მეტი კვალიფიკაცია ექნება, ეს მხოლოდ ობიექტური ფაქტი იქნება.
სანამ კენჭისყრაზე გავა გენპროკურორის არჩევის საკითხი, მანამდე განიხილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, რომლის ასევე წევრიც ხართ თქვენ ბატონო იაგო და ეს პროცესი კანონის დონეზეც არის უზრუნველყოფილი მაღალი გამჭირვალეობის და ჩართულობის სტანდარტით, ამიტომ ამ პროცესში ვიქნები ჩართული და მივიღებთ ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. ხოლოს ის, თუ ერთი კანდიდატის ბიოგრაფია და კვალიფიკაცია სხვა კანდიდატის კვალიფიკაციასა და ბიოგრაფიაზე უფრო შთამბეჭდავია, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ ფაქტი და ობიექტური გარემოება, - თქვა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საპროკურორო საბჭოს სხდომაზე გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.