სრული პასუხისმგებლობა "ოცნებას" ეკისრება - ლილუაშვილი ამერიკული წვრთნების შეჩერებაზე
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი აშშ-ს მიერ საქართველოში სამხედრო წვრთნების შეჩერების ფაქტს ეხმიანება და ამ პროცესზე სრულ პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებს. მისი თქმით, ცხადია, რომ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, ქვეყანამ შესაძლოა, სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა დაკარგოს.
სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე, მათ შორის იმაზე, რომ შესაძლოა, ჩვენ დავკარგოთ მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ფინანსური, ტექნიკური, ასევე გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს გრძელვადიან ურთიერთობებს ჩვენთან სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ნაწილში, რაშიც ბოლო სამი ათწლეულია პარტნიორი გვეხმარება. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა სრულად „ქართული ოცნების“ მხარესაა, - ამბობს ბექა ლილუაშვილი.
შტატები განუსაზღვრელი ვადით ამბობს უარს ჩაატაროს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე. ამერიკა აცხადებს, რომ ამის მიზეზი ის პოლიტიკაა, რომელსაც "ქართული ოცნება" სტრატეგიულ პარტნიორთან მიმართებით აწარმოებს.