კონსოლიდაციის გარეშე ვერ დავამარცხებთ იმ მონსტრს, რომელიც ივანიშვილმა "ოცნების" სახით შექმნა - ჩიხლაძე
"კონსოლიდაციის გარეშე ვერ დავამარცხებთ იმ მონსტრს, რომელიც ივანიშვილმა "ოცნების" სახით შექმნა" - ამის შესახებ განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, სერგო ჩიხლაძემ "საჯარო პოლიტიკის" ეთერში გააკეთა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დააანონსა, რომ პოლიტიკურ პლატფორმას, "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის", 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ახალი და საინტერესო სახეები შეუერთდებიან.
ეს არის რეფერენდუმად ქცეული არჩევნები. მივდივართ ევროკავშირისკენ, განვითარებისკენ, რეფორმებისკენ, თუ ვრჩებით ივანიშვილის ავტორიტარულ ჭაობში. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეული ხმა, გაერთიანებული ცენტრები, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. მე ვგულშემატკივრობ ოპოზიციურ პარტიებს და დარწმუნებული ვარ, რომ მსხვილ გაერთიანებას ვიხილავთ მათთანაც. ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობა" ერთი სიის მომხრენი ვიყავით, მაგრამ სხვა პარტიებს სხვა აზრი აქვთ, თუმცა ყველა მონაცემი აჩვენებს, რომ მსხვილი ოპოზიციური ცენტრები ამარცხებენ "ოცნებას". დღეს იყო ერთიანობის პირველადი ფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ საინტერესო სახეს ნახავთ ამ გაერთიანებაში. კონსოლიდაციის გარეშე ვერ დავამარცხებთ ამ მონსტრს, ამ დიდ ბოროტების მანქანას, რომელიც ივანიშვილმა "ქართული ოცნების" სახით შექმნა", - ამბობს ჩიხლაძე.
ერთიანი პოლიტიკური ფრონტი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ახალი პლატფორმა, ახალი სახელი და ლოგო. დიდი გაერთიანების პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება. ორი პოლიტიკური პარტია, ყოფილი დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ადამიანების ნაწილი, ვინც აქამდე პოლიტიკური პროცესების მიღმა იდგა, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას სრულიად ახალი ძალებით იწყებს
ჩვენი ინფორმაციით, დიდ გაერთიანებაში იქნებიან ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და დავით ქაცარავა. კიდევ ვინ შეუერთდება ახალ პლატფორმას, ამას ცოტა ხანში გავიგებთ. ასევე ცნობილი გახდება, ვინ ჩაიბარებს ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას. ფაქტია,რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია არჩევნებზე გასვლას ახალი სახეებითა და ახალი კონფიგურაციით ერთიანობის სახელით გეგმავს.