26 ოქტომბერს სამუდამოდ დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და დავაყენებთ ქვეყანას ევროპულ გზაზე - ჯაფარიძე

08.07.24 22:09
26 ოქტომბერს სამუდამოდ დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და დავაყენებთ ქვეყანას ევროპულ გზაზე - ჯაფარიძე

პოლიტიკური პლატფორმა "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" წევრი, სოფო ჯაფარიძე დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება, მხოლოდ და მხოლოდ, ერთიანობას შეუძლია. 

სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ერთმუშტად შეკრული საქართველო 26 ოქტომბერს რუსულ რეჟიმს დაამხობს და ქვეყანას ევროპულ გზაზე დააყენებს.

„ბედნიერი ვარ, რომ ამდენ გულანთებულ, ამდენ უკომპრომისო და ამდენ თავისუფლებისთვის, გამარჯვებისთვის მებრძოლ ადამიანს გხედავთ ერთად. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მოგმართოთ და ჩემი ხედვა გაგიზიაროთ. 

მეგობრებო, მიმაჩნია, რომ რუსულ რეჟიმთან გარდაუვალ გამარჯვებამდე სწორედ ერთიანობას შეუძლია მიგვიყვანოს. რა არის ის ყველაზე მთავარი, რის გარშემო გაერთიანება გაგვიმარტივდება ყველას? პასუხი არის ერთადერთი - ქვეყნის სიყვარული. საქართველოს სიყვარული, რომლის გარშემოც ბოლო თვეების განმავლობაშიც ძალიან ბევრი ადამიანი დაზიანდა, ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა შეიწირა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც შეძლო, ეს არის უპრეცედენტო ერთობა ქართველი ხალხის, რომელიც გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის უკეთესი, ევროპული მომავლის დასაცავად. 

პირველყოვლისა, ვინც რუსული ხელისუფლების მხრიდან უკანონო ტყვეობაშია, ეს არის ადამიანი, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა. ჩვენი ქვეყნის საამაყო, ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც დღეს ისჯება სწორედ საქართველოს სიყვარულისათვის. 

თქვენ იცით, რომ კრიზისთან  ბრძოლა ერთობით ჩემთვის ახალი გამოწვევა ნამდვილად არ არის და მაშინ, როდესაც ქვეყანა ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე იდგა, მაშინ როდესაც ქვეყანაში იყო უდიდესი კრიზისი, მე ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩემს გუნდთან ერთად სწორედ ერთობით შევძელი, რომ ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადამერჩინა და ეს სწორედ შევძელით ერთადერთი რამით, ეს იყო ერთიანობა და ეს იყო გუნდურობა და აი ასე, ერთობით, ერთ მუშტად, ერთ გუნდად შეკრულები ჩვენ 26 ოქტომბერს აუცილებლად  დავასრულებთ ერთხელ და სამუდამოდ რუსეთს საქართველოში და აუცილებლად ჩვენს ქვეყანას დავაყენებთ ევროპულ გზაზე.“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ. 

მსგავსი სიახლეები