"ოცნება" საქართველოს სირცხვილია და 26 ოქტომბერს ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ - ვაშაძე

08.07.24 22:22
"ოცნება" საქართველოს სირცხვილია და 26 ოქტომბერს ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ - ვაშაძე

"ქართული ოცნება" საქართველოს სირცხვილია და 26 ოქტომბერს ამ სირცხვილისგან უნდა გავთავისუფლდეთ - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმის, "ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ახალი პოლიტიკური პლატფორმა 26 ოქტომბერს საქართველოს გამარჯვებამდე მიიყვანს.

წელს მთელს მსოფლიოში საქართველომ ორი რამით გაითქვა სახელი - პირველი ეს იყო მშვიდობიანი, ერთსულოვანი, განგრძობითი პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ. არ დარჩენილა ქვეყანა, არ დარჩენილა მსოფლიო პოლიტიკოსი, ვინც არ გამოეხმაურა ქართველი ერის ერთიანობასა და ერთსულოვნებას, ქართველი ახალგაზრდების დიდ ბრძოლას და დიახ, ეს იყო იმ ერთიანობის სიმბოლო, რომელსაც შეუძლია ძალიან დიდი საქმე გააკეთოს ქვეყნისთვის.

მეორე ეს იყო ჩვენი საფეხბურთო ნაკრები, სადაც 11 ფეხბურთელი კი არა, ოთხი მილიონი ქართველი თამაშობდა და ამან აღაფრთოვანა მთელი მსოფლიო.

ორივე შემთხვევაში ფუნდამენტი მსოფლიო მასშტაბის ამ დიდი აღიარებით იყო ერთიანობა. სწორედ ამიტომ ვაფუძნებთ ერთიანობის დიდ გამარჯვების ბლოკს, რომელმაც 26 ოქტომბერს უნდა მიგვიყვანოს გამარჯვებამდე. ჩვენი სახელწოდებაა „ერთიანობა“ და ჩვენი ნომერია 5, ჩვენი ლოგოა ხელის ჩამორთმევა - ჩვენ ხელს ვართმევთ, ხელს ვუწვდით ყველას. არ არსებობს საქართველოს მოქალაქე, ვისაც ჩვენ არ დაველაპარაკებით, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ჩვენ ხელს არ გავუწოდებთ და ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება და ძალა, რომელიც აპირისპირებს, ძალა, რომელმაც ამ დიდი ერთიანობის ფონზე სირცხვილი გვაჭამა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. „ქართული ოცნებაა“ ეს ძალა, უნდა ჩამოვირეცხოთ და გავთავისუფლდეთ ამ ძალისგან. დადგა დრო, სირცხვილისგან გავთავისუფლდეთ. „ქართული ოცნება“ არის საქართველოს სირცხვილი და ამ სირცხვილისგან 26 ოქტომბერს უნდა გავთავისუფლდეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ერთიანი პოლიტიკური ფრონტი ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. ახალი პლატფორმა, ახალი სახელი და ლოგო. დიდი გაერთიანების პრეზენტაცია ამ წუთებში იწყება. ორი პოლიტიკური პარტია, ყოფილი დიპლომატები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ადამიანების ნაწილი, ვინც   აქამდე პოლიტიკური პროცესების მიღმა იდგა,  ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ  ბრძოლას  სრულიად ახალი ძალებით იწყებს

ჩვენი ინფორმაციით, დიდ გაერთიანებაში იქნებიან ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია და  დავით ქაცარავა. კიდევ ვინ შეუერთდება ახალ პლატფორმას, ამას ცოტა ხანში გავიგებთ.  ასევე ცნობილი გახდება, ვინ ჩაიბარებს ენმ-ის  თბილისის ორგანიზაციას.  ფაქტია,რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია არჩევნებზე გასვლას ახალი სახეებითა და ახალი კონფიგურაციით ერთიანობის სახელით გეგმავს.

მსგავსი სიახლეები