"ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სპეცსამსახურების დავალება შეასრულა - ბადრი ჯაფარიძე

10.07.24 13:14
"ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სპეცსამსახურების დავალება შეასრულა - ბადრი ჯაფარიძე

"ქართულმა ოცნებამ" რუსეთის სპეცსამსახურების დავალება შეასრულა, - ასე აფასებს "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხელისუფლების იმ ნაბიჯებს, რის გამოც აშშ-მ და ევროპამ საქართველოს ფინანსური დახმარებები შეაჩერა. საუბარია ასევე ქვეყნის ევროინტერგაციის შეჩერების პროცესზე.

ოპოზიციონერი ლიდერი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" რუსეთის დავალება პირნათლად შეასრულა, რომელსაც საქართველოს 90-იან წლებში დაბრუნება სურს. 

ბადრი ჯაფარიძის თქმით, საქართველო მშვიდობიანი და სტაბილური ქვეყანა უნდა იყოს და ამისთვის არჩევნებზე "ქართული ოცნების" ჩამოშორებაა საჭირო. 

 

“ქართულმა ოცნებამ" შეასრულა რუსეთის სპეცსამსახურების დავალება!
ის, რაც ქართველმა ხალხმა თავისი თავისუფლებისთვის ბრძოლით მიაღწია - მხარდაჭერა, რაც გამოიხატებოდა ჩვენი ქვეყნისადმი განუწყვეტელი მხარდაჭერით შეერთებული შტატების მხრიდან, გერმანიის მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან, ეს დახმარებები თანდათან ჩერდება. ახლა უკვე გერმანიამ დაადასტურა ის, რომ არ განიხილავს არცერთ ფინანსურ პროექტს საქართველოსთან მიმართებით, შეჩერებულია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. 

ეს იყო რუსეთის დავალება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პირნათლად შეასრულა და ცხადია, "ქართული ოცნების" საბოლოო მიზანი არის, რომ ქვეყანა აღმოჩნდეს იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებოდა 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მარტოები ვიყავით დარჩენილი რუსეთის ფედერაციასთან, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი, რამაც გამოიწვია სეპარატისტული მოძრაობები, საქართველოს რეგიონებში სისხლისმღვრელი ბრძოლები. აი, ეს სურს "ქართულ ოცნებას", რომ დააბრუნოს ქვეყანა 90-იანი წლების დასაწყისში და ამას წინ უნდა აღვუდგეთ თითოეული ჩვენგანი. 

ჩვენ გვჭირდება სტაბილური, კეთილდღეობით სავსე, მშვიდობიანი ქვეყანა, რომელიც დაცულია თავისი მეგობრების მიერ და საქართველო სტაბილურობას, მშვიდობას, კეთილდღეობას დაიბრუნებს და მიაღწევს მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ გავხდებით ევროპული ოჯახის წევრი და როცა აღდგება ყველა ის მხარდაჭერა და პროექტი, რომლებსაც, მათ შორის თავდაცვის სფეროში, შეერთებული შტატები და ჩვენი ევროპელი მეგობრები ახორციელებდნენ ათეულობით წლის განმავლობაში და ეს შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდგომ. 
26 ოქტომბერს ჩვენ ერთად შევცვლით ხელისუფლებას, - წერს ბადრი ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები