წვრთნების გადადება სტრატეგიული შეცდომაა, უპირატესობას აძლევს რუსეთს- ვოსლკი
"შტატების მიერ გაურკვეველი დროით სწავლებების გადატანა სამხრეთ კავკასიაში პოზიციების დათმობას ნიშნავს და ეს არ არის მხოლოდ დემარში საქართველოს მიმართ" - ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
რუსული კანონის მხარდამჭერმა დეპუტატმა პარტნიორის გადაწყვეტილებას "სტრატეგიული შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ ამით უპირატესობა ყველაზე საფრთხის შემცველ მხარეს, რუსეთს ეძლევა.
სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით ერთი რამ მინდა გითხრათ ძალიან მყარად: რასაკვირველია, აქ ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის რუსეთის ფაქტორი, არამარტო საქართველოში, ზოგადად კავკასიაში. გაურკვეველი დროით ამ სწავლებების გადატანა პოზიციების დათმობას ნიშნავს და ეს არ არის მხოლოდ დემარში საქართველოს მიმართ...
სამხრეთ კავკასიაში პოზიციის შესუსტება, წვრთნების არჩატარება, ქართული ჯარის დახმარებაზე, თუნდაც მცირედ, სიმბოლურ დახმარებაზე უარის თქმა, ეს რასაკვირველია, მეტ უპირატესობას აძლევს ყველაზე საფრთხის შემცველ მხარეს, ეს არის რუსეთის ფედერაცია. ვფიქრობ, სტრატეგიული შეცდომაა", - ამბობს ვოლსკი.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო - ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.