აშშ სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით - შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისშია
თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოვიდა - ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ზეია პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს.
როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში მისი ვიზიტი ქართველი ხალხისთვის სრული მხარდაჭერის გამოცხადებას ემსახურება.
ჩამოვედი თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქართველი ხალხის მიმართ, მათ შორის მათი [ხალხის] თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების ჩათვლით. ამერიკა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს", - წერს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.
ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციული სამუშაოების, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ გამართავს. ის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წევრებს შეხვდება.
ზეია "ქართული ოცნების" წევრებს პირადად კიდევ ერთხელ გადასცემს აშშ-ს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთა, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, არადემოკრატიულ და დეზინფორმაციულ განცხადებებს მიმოიხილავს, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დააზიანა.