"ოცნების" პოლიტიკის პირობებში საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები ზარალდება - ნაცვლიშვილი
"ოცნების პოლიტიკის პირობებში საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები ზარალდება" - ამის შესახებ განცხადება "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა გააკეთა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ივანიშვილის ხელისუფლებამ ვერ მიაღწია მიზანს, რომლითაც საქართველოს მიმართ სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა შენელდებოდა.
"ქართულმა ოცნებამ" ვერ მიაღწია მიზანს, რომ საქართველოს მიმართ მხარდაჭერა შენელებულიყო. ჩვენი რეალობა დღეს არის ისეთი, რომ "ოცნების" პოლიტიკის პირობებში საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობები ზარალდება. იმისთვის, რომ სანამ "ოცნება" არჩევნებამდე რჩება ხელისუფლებაში ნაკლები ზიანი მიიღოს სახელმწიფომ, ეს იქნება ჩემი მთავარი სათქმელი", - ამბობს ნაცვლიშვილი.
თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოვიდა - ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ზეია პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს.
როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში მისი ვიზიტი ქართველი ხალხისთვის სრული მხარდაჭერის გამოცხადებას ემსახურება.
ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციული სამუშაოების, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ გამართავს. ის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წევრებს შეხვდება.
ზეია "ქართული ოცნების" წევრებს პირადად კიდევ ერთხელ გადასცემს აშშ-ს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთა, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, არადემოკრატიულ და დეზინფორმაციულ განცხადებებს მიმოიხილავს, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დააზიანა.