ეს ქვეყანა არ დაწყებულა ივანიშვილით და არ დამთავრდება ივანიშვილით - ბუჩუკური
"ეს ქვეყანა არ დაწყებულა ბიძინა ივანიშვილით და არ დამთავრდება ბიძინა ივანიშვილით" - ამის შესახებ განცხადება პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა მედიასთან საუბრის დროს გააკეთა.
ყოფილი პრემიერის გუნდის წევრის თქმით, ქართველმა ხალხმა ევროკავშირში გაწევრიანებისა დაუოკებელი სურვილი მთელ მსოფლიოს დაანახა, ამიტომ როგორც ბუჩუკური დასძენს, საქართველოს პარტნიორები მათ გვერდით არიან.
ხელისუფლებები იცვლება. ეს ქვეყანა არ დაწყებულა ბიძინა ივანიშვილით და არ დამთავრდება ბიძინა ივანიშვილით. ქართველმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ, ბევრჯერ, მათ შორის ბოლო პერიოდში, მისი ურყევი ნება დასავლეთის ნაწილად ყოფნაზე აჩვენა. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს გვერდით არიან პარტნიორები", - ამბობს ბუჩუკური.
თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოვიდა - ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ზეია პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს.
როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში მისი ვიზიტი ქართველი ხალხისთვის სრული მხარდაჭერის გამოცხადებას ემსახურება.
ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციული სამუშაოების, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ გამართავს. ის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წევრებს შეხვდება.
ზეია "ქართული ოცნების" წევრებს პირადად კიდევ ერთხელ გადასცემს აშშ-ს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთა, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, არადემოკრატიულ და დეზინფორმაციულ განცხადებებს მიმოიხილავს, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დააზიანა.